"ბაჩალიაშვილის კომპიუტერში აღმოჩენილი პროექტებიდან ერთი განეკუთვნება კატეგორიას "Technology/Internet“, სამი კი კატეგორიას: "Pornography“
loader

Breaking news

"ბაჩალიაშვილის კომპიუტერში აღმოჩენილი პროექტებიდან ერთი განეკუთვნება კატეგორიას "Technology/Internet“, სამი კი კატეგორიას: "Pornography“

  • ბაჩალიაშვილის კომპიუტერში აღმოჩენილი პროექტებიდან ერთი განეკუთვნება კატეგორიას TechnologyInternet სამი კი კატეგორიას Pornography

თბილისი: თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

"რადგან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის  პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ "სამსუნგის" ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. "ჰაკერული" ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება.

ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება.

ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება „Technology/Internet“, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography“.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა 600-მდე პირი, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, ასევე ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი.

საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის", - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე