ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ
loader

Breaking news

ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ

  • ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისი: ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტერიტორიის მესაკუთრე კომპანია „ავერსის“ მიერ კლინიკის სახურავის შეკეთების მიზნით ადმინისტრაციულ შენობასთან ჯებირების აღმართვას აპროტესტებენ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი განმარტავს, ჯებირები შეუძლებელს ხდის პაციენტების მიღებასა და კლინიკის მუშაობის პროცესს აფერხებს.

"კაპიკებად ხელში ჩაგდებული ქონების სანაცვლოდ, კიდევ უფრო გამდიდრებას აპირებს ავერსის მფლობელი. შედეგად, მეორე მხარეს დაზარალებული მოსახლეობა აღმოჩნდება, იმიტომ, რომ უმძიმესი პათოლოგიებით შეპყრობილი პაციენტები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღებენ სრულფასოვან სამედიცინო სერვისს, რომ კიდევ ერთი ადამიანი გამდიდრდეს. დააყენეს ერთი ბოქლომით დასაკეტი კარი პირველ სართულზე, შესასვლელში რკინის ცხაურები დააყენეს, რომ ადვილი გასაღები არ იყოს. თუ მათ თავიანთი გეგმა განახორციელეს, ქვეყანა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საავადმყოფოს გარეშე დარჩება. ეს შენობა ავერსს უკანონოდ აქვს", - განაცხადა კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფოს და შიდსის ცენტრის შენობაა განთავსებული, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. მას შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების სამკურნალოდ და შენობების რეაბილიტაციასაც ვერ ახდენენ, რადგან ის კერძო საკუთრებაშია.

შენობის იჯარის ფართს სახელმწიფო ფარავდა. ამასთან ცენტრს ახალი შენობის აშენების პირობა მისცა. გასული წლის ნოემბერში, როდესაც „ავერსის“ მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ნაგებობის დემონტაჟს კლინიკის პერსონალის პროტესტი მოჰყვა, „ავერსმა“ განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან კლინიკის პერსონალი ფართში უკანონოდ იმყოფება და არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად უცნობია კონკრეტული ვადა, თუ „როდის დაუბრუნებს კანონიერ მესაკუთრეს უკანონოდ დაკავებულ შენობებს“.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე