"კონკრეტულ მომენტებში უფრო უკეთესად უნდა გვემოქმედა, მიუხედავად ამისა, მე ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ"
loader

Breaking news

"კონკრეტულ მომენტებში უფრო უკეთესად უნდა გვემოქმედა, მიუხედავად ამისა, მე ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ"

  • კონკრეტულ მომენტებში უფრო უკეთესად უნდა გვემოქმედა მიუხედავად ამისა მე ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ

თბილისი: 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში თბილისის "დინამო არენაზე" ირლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი გარადამავალი უპირატესობით წარიმართა, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. საბოლოოდ, ჯგუფის ლიდერთან მატჩი გატანილი გოლების გარეშე  0:0 დასრულდა.

ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ლევან შენგელიას დებიუტი შედგა. თურქული "ქონიასპორის" შემტევი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. მან გიორგი ქვილითაია შეცვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თამაში შეაფასა.

"დაცვაში კარგი თამაში ვაჩვენეთ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ გოლის გატანა ვერ შევძელით. თამაშის მოგებას ვცდილობდით, ამისთვის ტაქტიკაც შევცვალეთ, მაგრამ ირლანდიის წინააღმდეგ ამის გაკეთება იოლი არა არის. გუშინაც აღვნიშნე, ირლანდიელებს კარგად ორგანიზებული ნაკრები ჰყავთ.

მოსაგებად ბევრი ვეცადეთ, მაგრამ კონკრეტულ მომენტებში უფრო უკეთესად უნდა გვემოქმედა. მიუხედავად ამისა, მე ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ალბათ, ირლანდიაც კმაყოფილია შედეგით. რადგან მატჩის ბოლოს მოწინააღმდეგე უფრო დაცვით სტილზე გადაერთო და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა", - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი გიბრალტარში 13 ოქტომბერს ჩარტერული რეისით გაფრინდება.

ექვსი ტურის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ხუთი ქულა აქვს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე