კიევი: რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, არხანგელსკთან აფეთქების შემდეგ ქალაქ სევეროდვინსკში რადიაციის დონე დაშვებულს 4-16-ჯერ აჭარბებდა.
ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ჩრდილოეთის სამმართველოს ინფორმაციით, 8 აგვისტოს 12:00 საათზე სევეროდვინსკის ექვს დასახლებულ პუნქტში გამა გამოსხივების დონე 4-16-ჯერ აღემატებოდა ნორმას.
მანამდე სევეროდვინსკის სამოქალაქო თავდაცვის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სევეროდვინსკში რადიაციის დონე ნახევარის საათის განმავლობაში სამჯერ აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს.
8 აგვისტოს სევეროდვინსკში მდებარე სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა. შედეგად რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხუთი თანამშრომელი დაიღუპა.
"ნიუ იორკ თაიმის“ წერს, რომ რუსეთში სავარაუდოდ, ფრთოსანი რაკეტა „ბირევესტნიკი“ აფეთქდა, რომელსაც ბირთვული ქობინი ჰქონდა.