"ტაძრის იატაკი არ წარმოადგენს ისტორიულ მემკვიდრეობას, აქედან გამომდინარე, განახლება მოხდა მარმარილოთი"
loader

Breaking news

"ტაძრის იატაკი არ წარმოადგენს ისტორიულ მემკვიდრეობას, აქედან გამომდინარე, განახლება მოხდა მარმარილოთი"

  • ტაძრის იატაკი არ წარმოადგენს ისტორიულ მემკვიდრეობას აქედან გამომდინარე განახლება მოხდა მარმარილოთი

თბილისი: ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იღუმენი ეფრემი აცხადებს, რომ ტაძრის იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს და მისი შეცვლის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს.

მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ არ ჩათვალეს საჭიროდ იატაკის ფენილის შეცვლის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

"ზოგადად, ეს ქვა, რომელიც იყო, დაგებულია 60-იან წლებში. ჩამოსხმული ბორდიურები არ წარმოადგენს ისტორიულ სიძველეს, არც ისტორიულ მემკვიდრეობას და აქედან გამომდინარე, ამის განახლება მოხდა მარმარილოთი, რომელიც ძვირფასი ქვაა.

რა თქმა უნდა, შეთანხმება ყოველთვის ხდება იერარქთან, მაგრამ ჩვენ დავაგეთ ეს და ჩვენი გადაწყვეტილება იყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის არ მიგვიმართავს, რადგან არ წარმოადგენდა ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშს. ეს იყო ძალიან ახლო, რაღაც 50 წლის წინ დაგებული დაზიანებული ქვები, რომლებიც ორმოებს და მტვრებს წარმოადგენდა. შეიცვალა უბრალოდ. არც ჩაგვითვლია საჭიროდ, რომ ეს რაღაც ნიმუში იყო ისტორიული ძეგლის, რომელიც ზიანდებოდა და ფუჭდებოდა. ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, მაგრამ იატაკი არ ვიცი, მგონი არ შედის, რადგან არ იყო ძველი“,- აღნიშნავს იღუმენი ეფრემი.

ამასთან, მისივე განცხადებით, პირადად მას საპატრიარქოს წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხზე კონტაქტი არ ჰქონია.

ტაძრის წინამძღვარი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან კომუნიკაცია უჭირთ.

"არავის ვუცხადებთ უნდობლობას. ყველას პატივს ვცემთ. უბრალოდ, ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც კონკრეტულად ეს ძვირადღირებული მარმარილოს ქვა შემოგვწირა. ზოგადად, ძალიან ძნელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ურთიერთობა. ეპარქიიდან წერილიც გაუგზავნიათ, დახმარებაც გვითხოვია, მაგრამ წლების მანძილზე იწელებოდა. აქედან გამომდინარე, უბრალოდ არ ჩავთვალეთ საჭიროდ და მორჩა“,- განაცხადა ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, იღუმენმა ეფრემმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე