"რაც უფრო მეტად დავხრით თავს, მით უფრო მეტად დაგვაწვება კისერზე აგრესორის ჩექმა"
loader

Breaking news

"რაც უფრო მეტად დავხრით თავს, მით უფრო მეტად დაგვაწვება კისერზე აგრესორის ჩექმა"

  • რაც უფრო მეტად დავხრით თავს მით უფრო მეტად დაგვაწვება კისერზე აგრესორის ჩექმა

თბილისი: ჩვენი ძმების, მამების, შვილების მიერ დიდი ფასია გადახდილი საქართველოს თავისუფლებისთვის და მას უბრძოლველად არ დათმობს ქართველი ერი, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდალოესმა გრიგოლმა 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა მოსახსენებელ პანაშვიდზე ქადაგებისას განაცხადა.

"ღმერთმა დალოცოს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ომში დაღუპულთა და საქართველოს თავისუფლებისთვის ყოველთა თავდადებულთა და შეწირულთა სულნი. ღმერთმა შეუნდოს მათ შეცოდებანი მათნი და მიანიჭოს მათ საუკუნოდ ხსენება. სულმან მათმან კეთილსა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანაი, ამინ!

11 წელი შესრულდა იმ ავბედითი დღეებიდან, როცა რუსულმა ავიაციამ და ჯავშანტექნიკამ დაარღვია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრები, შემოიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე და განახორციელა საბრძოლო მოქმედებები, რამაც იმსხვერპლა არაერთი სამხედრო მოსამსახურისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ათასობით ადამიანი განდევნილ იქნა საცხოვრებელი ადგილებიდან და უსახლკ-კაროდ დარჩენილი, დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში. თუ 2008 წლამდე კიდევ არსებობდა ილუზია, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემები შიდა ეთნიკური დაპირისპირებით იყო გამოწვეული, 2008 წლის აგვისტოს ომმა გააშიშვლა ეს პრობლემა და ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ჯარისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს იყო სამამულო ომი, რომლის დროსაც ყოველი, ვინც ქართული სახელმწიფოს სახელით იბრძოდა, იცავდა საკუთარი სამშობლოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის. ვფიქრობთ, რომ ყოველი ამისგან განსხვავებული აზრი ეწინააღმდეგება თვით ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი სუვერენობის იდეას.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ომში ბრძოლის ველზე დაცემულთა და აგრესორის მიერ უმოწყალოდ დახოცილ მშვიდობიან მოქალაქეთა უკვდავ სულებს და უფალს ვავედრებთ მათ. 

ჭრილობა, რომელიც ამ ომში მიადგა საქართველოს და მის მოქალაქეებს, ძალიან მტკივნეულია; ასეთი ჭრილობები ადვილად არ ხორცდება; მათი დავიწყება არათუ ძნელი, არამედ შეუძლებელიც კია, რადგან ეს არის ჩვენი ცოცხალი ისტორია, ჩვენი ცხოვრება, ბედი და მას თავისი კუთვნილი ადგილი უკავია ჩვენს მეხსიერებაში. დღეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები, რაც საყოველთაო გლოვის ნიშანია; ეს ქმედება სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელიც კი იქნებოდა, თუ ამ ომის მრავალმხრივი ანალიზის დროს ერთი წამით მაინც დავუშვებდით, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან მასში მონაწილეობა და სიცოცხლის გაღება საზრისს მოკლებული იყო.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ომში და ომის შედეგად დაღუპულთა თავდადებას, ეს გახსენება ჩვენთვის უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი სასიცოცხლო ენერგიის წყარო. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენ თანამემამულეთა მიერ გაღებული სისხლი აღმოჩნდეს ფუჭი.

დროთა განმავლობაში ტკივილი სუსტდება, სიმძაფრეს კარგავს, სიცოცხლე გრძელდება, ადამიანები იბადებიან, ქორწინდებიან, ხარობენ, თუმცა ინარჩუნებენ გარდასულ დღეთა ხსოვნას და მასზე, ვითარცა საძირკველზე, აშენებენ მომავალს. ამ მომავალს დაგილოცავთ თქვენ, ჩვენს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ძალიან მძიმე გზა აქვს დღემდე განვლილი ჩვენს სამშობლოს: რა უფრო ჭარბობს ამ გზის მანძილზე, ჭირი თუ ლხინი, ვინ დათვლის?! ვიღაც მისტირის წარსულს, ვიღაც მომავლით საზრდოობს. არის ერთიც და არის მეორეც, მაგრამ საღი აზრი გვკარნახობს: თუკი სიცოცხლეს ვაფასებთ და მომავლისკენ გვიჭრავს მზერა, მაშინ პატივი მივაგოთ წარსულს, საქართველოსთვის თავდადებულთა ხსოვნას და ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ ნებისმიერ ფრონტზე, სადაც შენდება საქართველოს მომავალი, სადაც საფუძველი ეყრება იმ სიკეთეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს სიცოცხლის გზას გაუნათებს და ცხოვრებას გაუხალისებს. ამისთვის სიცოცხლე ბედნიერებაა; ამისთვის სიკვდილი კი პატივია.

ჩვენს გონიერებასა და გამჭრიახობაზე, ისტორიულ მეხსიერებასა და საღ აზრზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ადამიანი სწორედ იმით განირჩევა სხვა ქმნილებათაგან, ცოცხალ არსებათაგან, რომ მას აზროვნების უნარი აქვს; უკვდავი სულის მქონე ინტელექტუალურ არსებას შესწევს უნარი ანალიზის, ფაქტების, მოვლენების შეპირისპირებისა და დასკვნების გამოტანისა; მაგრამ თუ მან ეს უნარი ვერ ამუშავა, მაშინ ცხოვრების მძიმე შედეგები გარდაუვალი აღმოჩნდება.

იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ იმ სირთულეების გადალახვას, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე. ჩვენს სახელმწიფოს აქვს თავისი გაცხადებული ნაციონალური ინტერესები. საქართველოს განვითარებას (ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, სტაბილურად განვითარებადი ეკონომიკის გაჩენას, სამხედრო-პოლიტიკური პლატფორმის გაძლიერებას და ა.შ.) საფრთხედ აღიქვამს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სახელმწიფო, რაც უკიდურესად ართულებს ქართულ-რუსულ სამეზობლო ურთიერთობებს. სწორედ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მოვდუნდეთ და მოვეშვათ. ერთი რამ ცხადია: რაც უფრო მეტად დავხრით თავს, მით უფრო მეტად დაგვაწვება კისერზე აგრესორის ჩექმა. ასეთია დამპყობლისა და დაპყრობილის ურთიერთობის ფსიქოლოგია. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი; ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ტიპის კონფლიქტები სხვა სახელმწიფოებშიც განვითარდა; ამ კონფლიქტების წყარო ერთი და იგივეა; ეს ყველაფერი არის მტკივნეული რეაქცია იმაზე, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი და ეს უზომოდ აწუხებს მას, ვინც საბჭოთა კავშირის რღვევას განიხილავს როგორც გეო-პოლიტიკურ კატასტროფას და უპატიებელ შეცდომას; ასეთი მიდგომები კი სრულად ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და სულიერ ინტერესებს.

დღეს აქ ბრძანდება მისი აღმატებულება, უკრაინის ელჩი საქართველოში, ბატონი იგორ დოლგოვი. თქვენ იცით, თუ რა მდგომარეობაა უკრაინაში, სადაც კვლავ და კვლავ ვხედავთ საბრძოლო მოქმედებების განახლებას, მსხვერპლს; ეს ძალიან სერიოზული დაფიქრების და განსჯის საგანი უნდა იყოს, რათა რეალისტურად შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები. ჩვენ მეზობლისგან ხშირად გვესმის ერთგვარი შეხსენებები ე.წ. „ახალი რეალობის შესახებ“, თუმცა უპირველესი რეალობა ის არის, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რომ არ შეიძლება ვერაგულად თავს დაესხა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოს.

ქართველი ერი ზრუნავს თავის სამომავლო განვითარებაზე იმგვარად, როგორადაც მას ეს წარმოუდგენია. იგი ზრუნავს, რომ თავის ქვეყანაში დაფასებული იყოს საღი აზრი, ჯანსაღი ინიციატივა, განსაკუთრებული გარემო შექმნას პიროვნების თავისუფლებისა და განვითარებისთვის. ეს არ არის ადვილი; ეს იმდენად რთულია, რომ ამ სირთულის გამო ზოგი ადამიანი ხშირად წარსულს მისტირის. ხშირად გვესმის ხოლმე: „როგორი კარგი ცხოვრება იყო, ყველას ჰქონდა ხელფასი, პენსია და ა.შ.“ დღეს ყველა სფეროში აქტიური კონკურენციის გარემოა და საბჭოთა გარემოში გამოზრდილი თაობისთვის მართლაც ძალიან რთულია ამ სინამდვილესთან შეგუება. მაგრამ აქ ერთი წუთით პერსპექტივა შევცვალოთ და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ეპოქაში დაბადებულ თაობას ვკითხოთ - უნდათ კი მათ უკან დაბრუნება?! არა, ბატონებო, ერთი სიტყვით, მათ არ სურთ წარსულის დაბრუნება და მართალნიც არიან! 

ჩვენ ვმადლობთ ღმერთს დღევანდელი დღისთვის! ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპართა სულებს და მზერას მივაპყრობთ მომავალს, ხვალინდელ დღეს, მზაობას გამოვხატავთ, რომ დავითმენთ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება, მაგრამ გზას გავაგრძელებთ მხოლოდ წინ!

ამიტომ ვთვლით, რომ ჩვენი ძმების, მამების, შვილების მიერ დიდი ფასია გადახდილი საქართველოს თავისუფლებისთვის და მას უბრძოლველად არ დათმობს ქართველი ერი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, მისი ხვალინდელი დღე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქე! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არის მრავალფეროვანი, მრავალკულტურული, მრავალეროვანი, ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და მას საქართველო ჰქვია!

ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში გამორჩეული, განსაკუთრებული როლი და ადგილი უკავია საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მე ღრმად მწამს (და ეს არის ჩემი ფიქრისა და ანალიზის შედეგიც!), რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ და რა მიმართულებით განვითარდება საქართველოს ეკლესია. ნურავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი რელიგიურობა, მართლმადიდებლობისადმი ჩვენი ერთგულება ჩვენი მანიპულირების საშუალებად გამოიყენოს; ამის მცდელობები წარსულშიც ყოფილა, დღესაც არის და კვლავაც იქნება; ამიტომ მარადი მღვიძარება გვმართებს!

ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვესავთ, არის ღმერთი სიყვარულისა, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და კაცთმოყვარეობისა! ჩვენი რწმენის პრინციპებიდან გამომდინარე, გვაქვს უმთავრესი მცნება - გვიყვარდეს ღმერთი ჩვენი და გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი. მამულიშვილობა, სამშობლოსთვის თავდადება სხვა არაფერია, თუ არა მოყვასისადმი სიყვარულისა და მზრუნველობის გამჟღავნება", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე