"ალფა“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა
loader

Breaking news

"ალფა“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა

  • ალფა ასეული ნატო-ს რეაგირების ძალებს NRF შეუერთდა

თბილისი: I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრია. ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში გაფორმდა, რომლის თანახმად, ასეულს სამი წლის ვადით ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი მიენიჭა.

დოკუმენტის ხელმოწერამდე, „ალფა“ ასეულმა ნატოს მეორე დონის შეფასება (NEL-2) გაიარა. პროცესს ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. შეფასების ჯგუფი ქართველი, ასევე, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სერტიფიცირებული შემფასებლებით იყო დაკომპლექტებული.

შეფასების დასკვნითი სწავლების ფაზაში „ალფა“ ასეულმა ობიექტზე შეტევის ოპერაცია განახორციელა და ამოცანები მოიერიშე და მხარდამჭერი ელემენტების კოორდინირებული მოქმედებებით შეასრულა. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა ჰამერის ტიპის დაჯავშნული ავტომობილები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ევაკუაციაც.

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) 2013 წლიდან მონაწილეობს. 2015-დან 2018 წლის ჩათვლით ასეული ჩართული იყო ნატოს რეაგირების ძალებში (NRF), გავლილი აქვს შესაბამისი შეფასებების ყველა დონე და მინიჭებული აქვს სერტიფიკატი. 2019 წლის 1 იანვრიდან „ალფა“ ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში „ჩარლი“ ასეულმა ჩაანაცვლა. ამჟამად, ნატოს მეორე დონის შეფასების (NEL-2) წარმატებით დასრულების შემდეგ კი, „ალფა“ ასეული NRF-ს კვლავ შეუერთდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე