ირაკლი კობახიძე ტერორიზმთან ბრძოლის, რუსული აგრესიის და საქართველოს პრიორიტეტების შესახებ საუბრობს
loader

Breaking news

ირაკლი კობახიძე ტერორიზმთან ბრძოლის, რუსული აგრესიის და საქართველოს პრიორიტეტების შესახებ საუბრობს

  • ირაკლი კობახიძე ტერორიზმთან ბრძოლის რუსული აგრესიის და საქართველოს პრიორიტეტების შესახებ საუბრობს
  • ირაკლი კობახიძე ტერორიზმთან ბრძოლის რუსული აგრესიის და საქართველოს პრიორიტეტების შესახებ საუბრობს
  • ირაკლი კობახიძე ტერორიზმთან ბრძოლის რუსული აგრესიის და საქართველოს პრიორიტეტების შესახებ საუბრობს

კიევი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში Front News International-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. კობახიძემ ტერორიზმთან ბრძოლის, რუსული აგრესიის და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პრიორიტეტების, ასევე იერუსალიმის საკითხის შესახებ ისაუბრა.

- საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდა. საქართველოში ეკლესიას საკმაო გავლენაა აქვს - რატომ არ ჩართეთ ამ საკითხის განხილვის პროცესში ეკლესია?

- მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. ეს არ არის სრული დეკრიმინალიზაცია, მაგრამ ეს იყო საკონსტიტუციო  სასამართლოს გადაწყვეტილება, ახლა კი ჩვენ ვმუშაობთ კანონზე, რათა ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ, ეს პროცესი გრძელდება. რა თქმა უნდა, კონსულტაციები იქნება მინისტრებთან, ექსპერტებთა და ქართულ ეკლესიასთან, რომელსაც ამ საკითხზე თავისი აზრი აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება ამ კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

- რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, გაქვთ თუ არა მასთან ურთიერთობა? რამდენად ინტერესდება მთავრობის და პარლამენტის საქმიანობით?

- ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ მიიღოს. ის წელიწადზე მეტი იყო პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი გადაწყვიტა პოლიტიკური ცხოვრებიდან წასულიყო. ეს მისი გადაწყვეტილებაა. ის მონაწილეობდა პოლიტიკაში ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ ახლა გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა აღარ მიიღოს. ბიძინა ივანიშვილის არის პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, რომელსაც მე წარმოვადგენ, თუმცა პოლიტიკასთან დაკავშირებული აღარ არის.

- რამდენიმე კვირის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დონეცკში იმყოფებოდა, ოფიციალურ კიევს აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია. თქვენ როგორ აფასებთ ამ ე.წ. ვიზიტს?

- ეს არის რუსული აგრესიის პოლიტიკის ნაწილი საქართველოსა და უკრაინაში. ჩვენ ერთნაირი პრობლემები გვაქვს. ეს ჩვენთვის ყველაზე  მნიშვნელოვან ეროვნული გამოწვევაა - ორი რეგიონის ოკუპაცია, სადაც სიტუაციას სრულად რუსეთი აკონტროლებს და ჩვენთვის მთავარი ამოცანა ამ პრობლემის გადაჭრაა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ამ პრობლემას ყურადღებას აქცევს. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე საქართველოს და უკრაინას შორის თანამშრომლობა.

- ბიბილოვი ასევე იმყოფებოდა სერბეთში. მიიჩნევთ თუ არა, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო არენაზე უფრო მეტად უნდა იმუშაოს?

- ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაოთ ამ მიმართულებით, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პროცესში საქართველოს პარლამენტიც მონაწილეობს, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, გამოიყენება და იგეგმება სხვადასხვა ფორმატი: ორმხრივი, მრავალმხრივი და ეს მუშაობა საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. 

- რაც შეეხება პანკისის ხეობას, არსებობს გარკვეული კითხვები, როგორ ფიქრობთ, გაეცემა ამ კითხვებს პასუხი?

-  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საქმე სრულად არის შესწავლილი და შესაბამისი სამსახურები ამ საკითხზე მუშაობენ. იყო გარკვეული პრობლემები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირთან დაკავშირებით. საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციებმა მოახერხეს საქართველოს მოქალაქეების ჩართვა მათი მიზნების მისაღწევად. ეს იყო პრობლემა, საბოლოოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა პროცესის შეჩერება მოახერხეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა ყველაფერი შეწყვეტილია, მაგრამ ამ პრობლემას ზოგადად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს და სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის ეს კავშირი აღდგენილი არ იქნება.

- რა უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით?

- პარლამენტმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი ევროპასთან და ნატო-სთან ინტეგრაციაა, ასევე აღნიშნულია, რომ აშშ ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ვაპირებთ სხვადასხვა ფორმატების, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევა ვუზრუნველვყოთ. ვმონაწილეობთ სხვადასვხა საპარლამენტო ასამბლეაში, გვაქვს ორმხრივი შეხვედრები და ვიზიტები ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან. საქართველოს პარლამენტი ძალიან აქტიურია, საკმაოდ ამბიციური და კვალიფიციური გუნდი გვყავს, განსაკუთრებით საერთაშორისო კავშირების და თანამშრომლობის განვითარების კუთხით. პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად.  

- რამდენადაც აშშ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და საელჩოს იერუსალიმში გადატანას გეგმავს?

- პირველ რიგში, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ აშშ-ის ახალ ადამინისტრაციასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა გაცვლითი ვიზიტები მაღალ დონეზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს შეხვდა, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა საქართველოში. მას ჰქონდა ძლიერი გზავნილები და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო-აშშ-ის თანაშრომლობას ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება აქვს. რაც შეეხება იერუსალიმის საკითხს, გაერო-ში, სადაც კენჭისყრა ჩატარდა, საქართველომ თავისი პოზიცია დააფიქსირა - კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ამ დროისთვის ჩვენი პოზიცია ასეთია. ეს საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა იქნას განხილული, დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

- შესაძლოა, რომ სამომავლოდ საქართველომ იერუსალიმის საკითხზე პოზიცია შეიცვალოს?

- საკითხის გადასაწყვეტად საფუძველს კონსულტაციები ქმნის და ჩვენ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან გვექნება.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე