"სახელმწიფო დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ღირებულია"
loader

Breaking news

"სახელმწიფო დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ღირებულია"

  • სახელმწიფო დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მისი თავისუფლება და ყველაფერი ის რაც ჩვენთვის ღირებულია

თბილისი: სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დროშის აღმართვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ინახებოდა, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ეზოში დღეს პირველად აღიმართა. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და სახელმწიფო დროშის მნიშვნელობაზე ესაუბრა:

"სახელმწიფო დროშა ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული სიმბოლოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მის მნიშვნელობაზე თქვენთან, ახალგაზრდებთან მიწევს საუბარი, რადგან ეს დროშა მომავლის დროშაა. ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა, რომელიც ყოველთვის ასახავს სახელმწიფოს, ქვეყნის და ერის მთელს ისტორიას ამსახველი. ვიცით, რომ ქართველები არაერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ და იცავდნენ თავიანთ სახელმწიფოს.

მე, პირადად, უცხოეთში სამფეროვანი დროშის ქვეშ გავიზარდე, როცა მას სახელმწიფო დროშის დატვირთვა არ ჰქონდა და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ხელახლა ექნებოდა სახელმწიფო დროშა. დღეს, ეს დროშა ჩვენი სახელმწიფო დროშაა და მას პატივი უნდა ვცეთ! დროშის პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, მისი კულტურის, მისი იდენტობის პატივისცემაა!

სადაც უნდა იყოთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ამ დროშის ქვეშ თქვენ საქართველოს ელჩები ხართ და უნდა მოიქცეთ ისე, როგორც შეეფერება ამ დროშას, როგორც შეეფერება ამ ქვეყანას. ამ დროშას იცავენ ჩვენი ჯარისკაცები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სამშვიდობო მისიებში. ამ დროშას იცავენ ჩვენი მესაზღვრეები. ამ დროშას იცავენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზზე და ჩვენ ვიცით,  რა პირობებში იცავენ მას. ამ დროშას პატივს სცემენ ჩვენი სპორტსმენები, როცა ის მსოფლიო ტურნირებზე აღიმართება.

ამ დროშის ქვეშ გაგვაქვს ჩვენი ქართული კულტურა - ნამდვილი საგანძური, რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ არანაკლებად, ვიდრე ჩვენს დროშას. ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ღირებული და თითოეული მოქალაქის დასაცავია, ამიტომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და დავიცვათ იგი", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო დროშის დღის დაწესება 2004 წლის 14 იანვარს "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ" კანონის მიღებას უკავშირდება. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. 2016 წელს კი, საქართველოს სახელმწიფო დროში ეტალონი დამზადდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე