"ავტოკეფალიის მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას"
loader

Breaking news

"ავტოკეფალიის მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას"

  • ავტოკეფალიის მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას

თბილისი: პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ქადაგების ტექსტს ფოთისა და ხობის ეპარქია ავრცელებს.

"თქვენ იცით, დღეს როგორი როლი აქვს ეკლესიას ქვეყნის ცხოვრებაში. თითქმის უკანასკნელი 30 წელი მზარდი ტემპით გვიჩვენებს ამას (არ ვლაპარაკობთ შორეულ ისტორიულ გამოცდილებაზე). ჩვენი შთაბეჭდილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს უკვე გავლენა აქვს არამარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ მისმა შიდა რეიტინგმა ასახვა ჰპოვა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც კი; ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამები და მათი შეფასებები უკრაინაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის მისი ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა.

"ისევე, როგორც თავის დროზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება (V ს.) არ გახლდათ მხოლოდ რელიგიური აქტი; და არც ავტოკეფალიის დაკარგვა (1811 წ.) გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წ.) გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენთვის ამას ჰქონდა განუზომლად დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. არსებითად ასეა ჩვენი დიდი ხნის ერთგული მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვისაც.

ამიტომ, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მისი თქმით, მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი.

"ისტორიული გამოცდილება კი ნამდვილად გვკარნახობს და გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ "ახალი" ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა, ასევე, სამხედრო) გაერთიანებაში, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით.

ჩვენ ვფიქრობთ, დადგა დრო, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საეკლესიო საკითხების ირგვლივ დედა ეკლესიის ეპისკოპატში ჩამოყალიბდეს თემატური ჯგუფები, რომლებიც ღიად და საჯაროდ დაიცავენ პოზიციებს იმ თემებთან მიმართებით, რომელთა ირგვლივაც მოხდება დიდი გაერთიანება. უკრაინაში მიმდინარე პროცესები არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის იმ ძალების გაერთიანებისთვის, ვისაც საქართველოს მომავალი ცივილიზებული კაცობრიობის ორბიტაზე წარმოუდგენია, და იმ ძალთა გასამჟღავნებლად, ვისაც წარსულში დაბრუნების დაუოკებელი ნოსტალგია აწუხებს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის.

"არასწორი ქმედების გამო ადამი და ევა განდევნილნი აღმოჩნდნენ იმ წიაღიდან, რომელ წიაღში ყოფნაც მათთვის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენდა; მსგავსადვე ვიტყვით: თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ იმ სიმაღლეზე დარჩენას, საიდანაც უკეთ დავინახავთ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო და მათ შორის – საქართველო“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თქმით, არსებულ მოცემულობაში თავ-თავისი ფუნქციები აქვთ სახელმწიფოსა და ეკლესიას და ამ ფუნქციების ერთმანეთში აღრევა გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს.

"იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხს გავცემთ და განსაცდელში არ ჩავაგდებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს.

რა უფრო მნიშვნელოვანია: სახარებისეული პრინციპები თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობა ან კონიუნქტურა? გთხოვთ, ვიფიქროთ ამაზე“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე