"არაფერი გამოუვათ, "თიბისი ბანკი" არ არის ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც თავზე ხელს წამოარტყამ"
loader

Breaking news

"არაფერი გამოუვათ, "თიბისი ბანკი" არ არის ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც თავზე ხელს წამოარტყამ"

  • არაფერი გამოუვათ თიბისი ბანკი არ არის ისეთი ორგანიზაცია რომელსაც თავზე ხელს წამოარტყამ

თბილისი"გირჩის" წარმომადგენლის იაგო ხვიჩიას განცხადებით, არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ "თიბისი ბანკს" იცავენ მისი დამფუძნებლისგან, რომელიც 27 წელია, ამ ბანკს უდგას სათავეში და ბევრი რამეა მისი გაკეთებული.

"ზუსტად ვიცი, რომ ეს არის პოლიტიკური ამბავი. გასაგებია, რომ პირველი ეჭვმიტანილი ივანიშვილია თუნდაც იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც მას "თიბისი ბანკთან" და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ადრე აქვს გაკეთებული, მაგრამ დადასტურებულად ამის თქმა არ მინდა, მინდა, რომ ყველა ჩემ სიტყვას მტკიცებულება ამყარებდეს.

ვის ინტერესებს იცავს პროკურატურა? ვინ არის დაზარალებული იმით, რომ თავის ბანკიდან ხაზარაძემ გამოიტანა ფული? ვინ არის ის აქციონერი კონკრეტულად, რომელიც დაზარალებულია და ხაზარაძეს უჩივის?

პირველი პრობლემა მე მგონია ის, რომ არ არსებობს კონკრეტული ადამიანი, რომელიც ამ საქმით არის დაზარალებული და ჩივის. მეორე საკითხი - თქვეს, რომ 11 წლის წინანდელი საქმეა, საქართველოს პროკურატურა თუ ამ ტემპით მუშაობს, რომ ასეთ საქმეებს, რომელიც დეკლარირებულია ბევრ ადგილას და მათ შორის, აქციონერებისთვის ცნობილი იყო იმავე წელს, ასე ემსახურება საქართველოს პროკურატურა ადამიანებს, რომ 11 წლის დაგვიანებით არჩევს ამ საქმეს? ჩემში ეს ყველაფერი სხვა ეჭვს აჩენს, იმას, რაშიც სულ დარწმუნებული ვიყავი - ჩვენ გვქონდა და გვაქვს საბჭოთა პროკურატურა, რომლის ძირითადი საქმე და დანიშნულება იყო პოლიტიკური შურისძიება.

ზოგადად დავაკვირდეთ პროკურატურის საქმიანობას, თუნდა ე.წ. 9-წლიანი მმართველობის დროს. რომელი ინსტიტუტის მიერ ხდებოდა ბიზნესმენების "დარეკეტება"? მართლა დანაშაულს ხსნიდა პროკურატურა? მე ვფიქრობ, რომ ახლაც ეს პროცესი გრძელდება", - განაცხადა ხვიჩიამ "კავკასიის" ეთერში.

"გირჩის" წარმომადგენელი ფიქრობს, რომ აქედან არაფერი გამოვა, რადგან "თიბისი ბანკი" არ არის ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც თავზე ხელს წამოარტყამ.

"თიბისი ბანკი" საკმაოდ მდიდარი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ წესიერად შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა და ეს ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, იმის მტკიცება, რომ "თიბისი ბანკს" მამუკა ხაზარაძისგან "იცავენ", აბსურდია.

"ბანკები არაერთხელ გამიკრიტიკებია და ახლაც შემიძლია ჩამოვთვალო რატომ არიან დემონიზებული და დემონიზებული რომ არიან, სწორედ ამის გამო უბედავენ ამხელა ფინანსურ ორგანიზაციას თავზე ხელის წამორტყმას, მაგრამ "თიბისი ბანკის" დაცვა მისი დამფუძნებლისგან, რომელიც 27 წელია, ამ ბანკს უდგას სათავეში და ბევრი რამეა მისი გაკეთებული, ამ ნათქვამის სერიოზულობა წარმოიდგინეთ, ეს ისევეა "ქართუს" რომ ვიცავთ ივანიშვილისგან.

მე ვარ პოლიტიკოსი და ადამიანებს უნდა წარმოვადგენინო სიტუაციის აბსურდულობა, როდესაც "ქართუს" ვიცავთ ივანიშვილისგან, "თიბისი ბანკს" ვიცავთ ხაზარაძისგან და საერთოდ, ქონებას ვიცავთ მესაკუთრისგან, ეს არის აბსრუდი", - აცხადებს ხვიჩია. 

პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 

ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანსაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე