"გაიცანით საქართველოს აისიტი კლასტერი“ - ახალი მოთამაშე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში
loader

Breaking news

"გაიცანით საქართველოს აისიტი კლასტერი“ - ახალი მოთამაშე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში

  • გაიცანით საქართველოს აისიტი კლასტერი - ახალი მოთამაშე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში

თბილისი: საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია „ბოქსვუდი“ იმ თერთმეტ კომპანიას შორისაა, რომლებიც „საქართველოს აისიტი კლასტერში“ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროში მოღვაწე კომპანიებთან თანამშრომლობის ერთიანი პლატფორმის შექმნის სურვილმა გააერთიანა. „ბოქსვუდის" მმართველი პარტნიორი გიორგი ქეშელაშვილი მიიჩნევს, რომ  ამ ტიპის გაერთიანება  მომგებიანი იქნება, როგორც ცალკეული კომპანიებისთვის, ისე მთლიანად სექტორისთვის, რადგან საერთო გამოწვევებთან გამკლავება სწორედ ბიზნეს კლასტერის შექმნის გზით იქნება შესაძლებელი.  

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ბიზნეს კლასტერის შექმნა დარგის განვითარებისთვის აპრობირებული მეთოდია და ის ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. საქართველოში ამ დარგის შემდგომი განვითარებისთვის კომპანიების მხრიდან ორგანიზებული ძალისხმევა არის საჭირო. "უნდა შევქმნათ ფორმატი, რომელიც დაგვეხმარება ინვესტორების დაინტერესებაში და დამატებითი დაფინანსების წყაროების მოზიდვაში“, - აცხადებს გიორგი ქეშელაშვილი, რომლის კომპანიის ძირითადი საქმიანობა პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების შექმნაა. 

კლასტერის წევრი კომპანიების უმრავლესობა თბილისში, „მიონის“ შენობაშია განთავსებული,  რომელიც  1970-იან წლებში აიგო. საბჭოთა პერიოდში შენობაში სამხედრო ქარხანა იყო განლაგებული, რომლის ბაზაზეც სამეცნიერო-კვლევითი ინსიტუტი ფუნქციონირებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენობა თითქმის უფუნქციო იყო, ვიდრე 2005 წელს მისი პრივატიზაცია არ მოხდა.  ამ დროს ჩაეყარა საფუძველი შენობის განვითარებას საოფისე ცენტრად და იქ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს კომპანიები განთავსდნენ. ამჟამად „მიონის“ შენობაში 45 საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიას აქვს ოფისი, რომელთაგანაც 4 - კლასტერის წევრია. 

„საქართველოს აისიტი კლასტერის" ჩამოყალიბება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც  GIZ  (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. 

კლასტერის შექმნის ინიციატივა GIZ-მა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. კლასტერის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სექტორთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის  შემუშავებაში მონაწილეობა, დიალოგი სახელმწიფო უწყებებთან, განათლება - თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საკადრო რესურსის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ინტერნაციონალიზაცია.    

კლასტერის შექმნას წინ უძღოდა სექტორის ყოვლისმომცველი შეფასება. კვლევამ დარგის ზრდისა და გაფართოების მნიშვნელოვანი პერსპექტივა გამოავლინა და დაადგინა, რომ ამ დარგში მოღვაწე ქართულ კომპანიებს კლასტერული განვითარების მეთოდოლოგიის დანერგვა საშუალებას მისცემდა გაეფართოვებინათ წვდომა გარე ბაზრებზე და განევითარებინათ საექსპორტო შესაძლებლობები.

კლასტერში გაერთიანებული კომპანიების საექსპორტო პოტენციალის ზრდის პერსპექტივა 

GIZ-ის დაკვეთით შესრულებული სექტორული კვლევის თანახმად, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების კლიენტების 90%-ი ადგილობრივი კომპანიებია, რომლებიც საბანკო და საცალო სექტორებს და სამთავრობო უწყებებს წარმოადგენენ. ისინი აცხადებენ, რომ საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე ორიენტირებულები არიან, თუმცა კითხვაზე რამდენად ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო ბაზრობებსა და გამოფენებში, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ აქვს ამის გამოცდილება. შესაბამისად, ქართული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დაბალია.   

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც კლასტერის წევრები არიან, კარგად აქვთ გათვიცნობიერებული, რომ ინტერნაციონალიზაციისთვის კლასტერის საშუალებით უნდა მოხდეს ქართული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის ძლიერი ბრენდის ჩამოყალიბება, სექტორის მიმართ ნდობის გაზრდა, კომპანიებში გაყიდვებისა და მარკეტინგის უნარების განვითარება.  

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში” პროექტის ექსპერტი მიხეილ სხიერელი აცხადებს, რომ „საქართველოს აისიტი  კლასტერი“-ს წევრ კომპანიებს საქმიანობის განსხვავებული მიმართულებები,  იქ დასაქმებულ ადამიანებს კი - სხვადასხვა პროფესიული უნარები აქვთ, რაც აძლევს მას რწმენას, რომ კლასტერში გაერთიანებით და  ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებით საერთაშორისო ბაზარზე გასვლა მათი ექსპორტის შესაძლებლობებს განავითარებს.  

„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარება ნიშნავს ბევრი სხვა დარგის წინსვლას, რამეთუ მას  შეუძლია ხელი შეუწყოს მოდერნიზაციას. ჩვენ თუ გვსურს  სხვა სექტორების განვითარება, იქნება ეს კინოინდუსტრია თუ სოფლის მეურნეობა, აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორის განვითარება,“ - აცხადებს მიხეილ სხიერელი. 

კომპანია DoSo-ის მმართველი პარტნიორი გიორგი მჟანავაძე  ამბობს, რომ ბიზნეს კლასტერში ჩართვა მის კომპანიას პროდუქტებისა და სერვისების საერთაშორისო ბაზარზე გატანის ხელშეწყობის მიმართულებით გამოცდილებას შემატებს.  

„ქართულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიებს პროდუქტებისა და სერვისების ექსპორტზე გატანის მცირე გამოცდილება გვაქვს. საერთაშორისო ბაზარზე გასვლა გარკვეულ მარკეტინგულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის ინდივიუდუალურად ამ ხარჯის გაწევა რთულია. ასევე ძნელია კონკურენცია გაუწიო სხვა კომპანიას, რომლის ცნობადობაც საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენგან განსხვავებით მაღალია. ამასთან, კლასტერის შემთხვევაში კომპანიებს შეგვიძილია რესურსები გავაერთიანოთ და ერთიანი ძალით გავუწიოთ კონკურენცია საერთაშორისო გამოცდილ კომპანიებს,“ აცხადებს გიორგი მჟავანაძე.

კლასტერის კიდევ ერთი წევრი და კომპანია „აზრის" აღმასრულებელი დირექტორი დავით ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ქართულ კლასტერს შეუძლია აამაღლოს ინდუსტრიის ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე. „საჭიროა ქვეყნის ბრენდული იმიჯის ფორმირება და საქართველოს პოზიციონირება ადგილად, სადაც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორმა შექმნა იუსტიციის სახლი, სატრანსპორტო სისტემა, ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა კომერციული ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის.“ 

"არსებობს საერთო გამოწვევები და პრობლემები, რომლებთან  გამკლავებაც ბიზნეს კლასტერში გაერთიანების გზით შეიძლება მოხდეს, თუკი გვსურს უცხოელი კლიენტების მოზიდვა. საჭიროა ერთიანი საინფორმაციო საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაც კლასტერის პოპულარიზაცია და ახალი კომპანიების მოზიდვაა“, - აცხადებს დავით ჯაფარიძე. 

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში” პროექტის ჯგუფის უფროსის მოადგილეს, ანჟელიკა რიკს, სჯერა საქართველოს პოტენციალის, რომ განვითარდება ესტონეთის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორის მსგავსად. 

„ესტონეთი არის პატარა სახელმწიფო, მაგრამ მან მოახერხა, იყოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ბაზრის წარმატებული მოთამაშე. საქართველოს აქვს გარკვეულწილად მსგავსი წინაპირობები, შესაბამისად მსგავსი პოტენციალი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორის განსავითარებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ინდუსტრიის შესაძლებლობები და ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე გაიზრდება, თუ საინფორმაციოა-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური კომპანიები აჩქარდებიან და ააშენებენ კლასტერის კონსორციუმს. ამიტომ ჩვენ ვაფასებთ იმ 11 კომპანიას, რომლებმაც გამოხატეს თანამშრომლობის და საერთო პროექტების განვითარების ინტერესი. ისინი არიან კონკურენტები, მაგრამ მათ განავითარეს საერთო ხედვა, რათა მოხდეს ინდუსტრიის განვითარება და შეიქმნას კავშირის საერთაშორსიო ბაზართან, როგორც ეს მოხდა ბალტიისპირა სახელმწიფოებში წლების წინ“, თქვა მან. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გამოყო ფართი კლასტერის საქმიანობისთვის. „მე მჯერა, რომ ეს იდეა მომავალში განვითარედება და საჩვენებელ ცენტრად იქცევა. კლასტერული თანამშრომლობის მთავარი არსი არის გონებრივი მობილიზიაცია, რათა მოხდეს ინოვაციური იდეების გაჟღერება და მათი განხორციელების გზებზე ფიქრი“, - განაცხადა რიკსმა.

კლასტერი, როგორც ინდუსტრიის ინტერესების გამომხატველი გაერთიანება 

"საქართველოს აისიტი კლასტერი“ გეგმავს იყოს ინდუსტრიის ინტერესების გამომხატველი გაერთიანება, რომელიც სექტორთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის  შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას და წარმართავს დიალოგს სახელმწიფო უწყებებთან, ასევე, მოახდენს სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირებას და შესაბამის სახელმწიფო და კერძო სექტორთან დიალოგის ფორმატში შეიმუშავებს და განახორციელებს ახალ ინიციატივებს.  

კლასტერის წევრები თანხმდებიან, რომ სექტორის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის ის, რომ სახელმწიფოს ტენდერზე არ გამოაქვს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და სერვისების შექმნა და თავადვე, შიდა რესურსებით, ახდენს მოთხოვნის უზრუნველყოფას. „ჩვენი მიზანია დიალოგის გზით სახელმწიფოს შევთავაზოთ აღნიშნული პროდუქტები და სერვისები გარეთ გამოიტანოს, რომ კონკურენცია არ გაუწიოს იმ სექტორს, რომლის განვითარებაც მის ინტერესებშია. თუ პარალელს გავავლებთ ესტონეთში ელექტრონული მმართველობის პლატფორმის შექმნასა და საქართველოში ელექტრონული მმართველობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს შორის, ვნახავთ, რომ ესტონური პლატფორმა მთლიანად კერძო სექტორის მიერ არის განვითარებული. ამასთან, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის პლატფორმა ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდა“, - აღნიშნავს გიორგი ქეშელაშვილი.  

„მთავრობა წლების მანძილზე შიდა რესურსებით ავითარებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებს და სერვისებს და მყისიერად ამ პრობლემას ვერ გადავჭრით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე დიალოგი არ უნდა დაიწყოს“, - დასძენს მიხეილ სხიერელი.

კლასტერის წევრობის სხვა უპირატესობები 

ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტის მხარდაჭერით, კლასტერის განვითარების პროცესში ჩართულები არიან წამყვანი ევროპელი სპეციალისტები ესტონეთიდან, ლატვიიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან. პროექტს მართავს ესტონური ორგანიზაცია „ბალტიის ინოვაციების სააგენტო“. აღსანიშნავია, რომ ესტონეთში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კლასტერული განვითარების დანერგვამ ქვეყნის ბრენდული იმიჯის - e-Estonia შექმნა განაპირობა. 

კლასტერის ათ წევრს უკვე მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო  11-15 ივნისს GIZ-ის ორგანიზებით განხორციელებულ სამუშაო ვიზიტში ლატვიასა და ესტონეთში. ვიზიტის ფარგლებში „ქართული აისიტი კლასტერის“ წევრები გაეცნენ ლატვიისა და ესტონეთის კლასტერების გამოცდილებას. ასევე, შეხვდნენ ლატვიის ტექნიკური უნივერსისტეტის, Accenture University-სა და Enterprise Estonia-ს წარმომადგნელებს. ათივე მონაწილე შეხვდა ლატვიისა და ესტონეთის კლასტერში გაწევრინებულ კომპანიებს.  

დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით კლასტერის წესდება მაქსიმალურად დემოკრატიულ და გამჭვირვალე პრინციპებზეა აგებული იმისათვის, რომ კლასტერის მომავალ წევრებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ მათი, როგორც ახალმოსულების, უფლებები  შეიზღუდება.

კლასტერის წევრობის სტრუქტურა მოიცავს ძირითად, ასოცირებულ, საპატიო და ინსტიტუციურ წევრებს. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების სურვილია ასოცირებულ წევრებად კლასტერის შემადგენლობაში შეიყვანონ საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რამეთუ დარგის განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შესაბამისი განათლების, კერძოდ, მცოდნე კადრების დეფიციტია. 

GIZ-ის კონსულტანტი მარი ხოხლენკო-კალტრაიდერი აღნიშნავს, რომ სექტორის უფრო მაღალი ტემპით განვითარებისთვის სასურველია საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და ბიზნეს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

„კლასტერის წევრებისთვის ძალზედ საინტერესეო იყო გამოცდილება, რომელიც ლატვიის Accenture University-სა და ლატვიის ტექნიკური უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტისას მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში გაეცნენ სხვადასხვა აკადემიურ პროგრამას, ასევე უნივერისტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელს. აკადემიასა და ბიზნეს სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთობა მნიშნველოვნად განსაზღვრავს ლატვიური IT კომპანიების წარმატებას.  „საქართველოს აისიტი კლასტერი“-ს წევრები ჩართულნი არიან სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მიერ ინიცირებულ სამუშაო ჯგუფშიც, რომლის მიზანია სასწავლო დაწესებულებებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება“,- აცხადებს მარი ხოხლენკო-კალტრაიდერი.  

გიორგი ქეშელაშვილი სექტორებს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს  კომპანიების ჩართულობა სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, რათა სექტორი უზრუნველყოფილ იქნას სათანადოდ მომზადებული პროფესიონალური კადრებით. 

„თუ ჩვენ გვინდა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს  ქვეყნის განვითარებაში, უნდა გავზარდოთ ამ დარგის მცოდნე, ფუნდამენტური განათლების მქონე, მაღალი კვალიფიკაციის კადრები. ამ დარგში მომუშავე სპეციალისტების უმეტესობა დღეს არის თვითნასწავლი, რაც ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ინდუსტრიის განვითარებისთვის“, - აცხადებს გიორგი ქეშელაშვილი.  

გიორგი მჟავანაძე იმედოვნებს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების კლასტერის არსებობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას გაამარტივებს. 

კლასტერის წევრებს უკვე მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ უცხოელი კონსულტანტების ხელმძღვანელობით ჩატარებულ ხუთ სამუშაო შეხვედრას. მონაწილეებმა განიხილეს კლასტერის სტრუქტურის წინასწარი მონახაზი, მართვის შესაძლო ბიზნეს მოდელი, კლასტერის ხედვასთან, სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები.

EuroDIG2018-ის (ევროპული დიალოგი   ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე) ფარგლებში, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობდა, კლასტერის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ წევრმა კომპანიებმა პრეზენტაციაც გამართეს. 

„საქართველოს აისიტი კლასტერი“ ა.წ. 25 ივლისს ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.



ავტორი: თამარ ხურცია 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე