"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ხმელეთის მსგავსად, ჰაერითაც შეძლებს, აზია და ევროპა უმოკლესი მარშრუტებით დააკავშიროს"
loader

Breaking news

"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ხმელეთის მსგავსად, ჰაერითაც შეძლებს, აზია და ევროპა უმოკლესი მარშრუტებით დააკავშიროს"

  • საქართველო არის ქვეყანა რომელიც ხმელეთის მსგავსად ჰაერითაც შეძლებს აზია და ევროპა უმოკლესი მარშრუტებით დააკავშიროს

თბილისი: დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და საჰაერო ინდუსტრიის განსავითარებლად, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ავიაციის, ტურიზმის და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს აერონავიგაციის 25 წლის იუბილე „საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობის და სასწავლო ცენტრის გახსნით აღინიშნება.

"მართლაც მეამაყება, რომ 2014 წელს, ეკონომიკის მინისტრის რანგში, მხვდა პატივი, საფუძველი ჩამეყარა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის. ეს გახლავთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნებს. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და საჰაერო ინდუსტრიის განსავითარებლად, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ავიაციის, ტურიზმის და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას. ქვეყნისთვის, რომელიც თავისი პოლიტიკით ყალიბდება, როგორც სატრანზიტო ჰაბი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნებისთვის მიმზიდველები გავხდეთ საჰაერო ტრანსპორტის კუთხითაც. მოგეხსენებათ, ევროპის საჰაერო საზღვრები 2014 წლიდან უკვე საქართველოდან იწყება. ჩვენი ქვეყანა აზია – ევროპის საზღვარია ჰაერში, „საქაერონავიგაცია“ კი – ევროპის მესაზღვრე გახლავთ და სასიხარულოა, რომ ამ საპასუხისმგებლო მისიას ის მართლაც უმაღლესი სტანდარტებით ასრულებს. გზა ევროპისკენ და ევროპის საავიაციო სივრცისკენ ჩვენთვის მუდმივ განვითარებაზე გადის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, „საქაერონავიგაციას“ აქვს პოტენციალი, რომ ავიაკომპანიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, ეფექტური მომსახურება გაუწიოს, შესაბამისად, გახდეს უფრო მეტი ავიაკომპანიის პარტნიორი

უსაფრთხო ცით, გამართული ინფრასტრუქტურით და მაღალკვალიფიციური კადრებით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ საავიაციო სფეროში განხორციელებული რეფორმები განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან და ეს შეფასებები ყოველწლიურად უმჯობესდება.

„მინდა, შეგახსენოთ „იკაოს“ წლევანდელი აუდიტის შედეგები, სადაც ყველა მიმართულებით უმაღლესი პროგრესი დაფიქსირდა. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საავიაციო სტანდარტები საქართველოში მაღალ დონეზეა დაცული. დღევანდელი დღე და ასეთი მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, უფრო მეტად განავითაროს საავიაციო ინდუსტრია ქვეყანაში, წარმატებული და შედეგიანია. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ხმელეთის მსგავსად, ჰაერითაც შეძლებს, აზია და ევროპა უმოკლესი მარშრუტების საშუალებით დააკავშიროს ერთმანეთთან. უმოკლესი საჰაერო გზები ავიაკომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, ფრენების მარშრუტის დადგენისას უმოკლესი მანძილი აირჩიონ, რაც ფრენის დროის შემცირებასთან ერთად, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებასაც გულისხმობს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საამაყოა, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა და ქვეყანაში ტურისტების რეკორდულ ზრდაა.

„იცით, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. გასულ წელს “საქაერონავიგაცია” 15%-ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა, ევროკონტროლის პროგნოზით კი, ეს ტენდენცია ყოველწლიურად დამატებით 7%-ით გაიზრდება. მარტო ამ თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ხუთი ახალი პირდაპირი მიმართულება დაემატა. ესენია: რომი, პარიზი, პრაღა, ბარსელონა, ათენი. 2017 წელს საქართველოს აეროპორტებში გვქონდა მგზავრთა 43%-იანი ზრდა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, უკვე 34%-იანი ზრდა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოს აეროპორტები მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს „საქაერონავიგაციის“ მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უახლესი სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ის ავიაკომპანიებს სთავაზობს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა “საქაერონავიგაციის” ხელმძღვანელობას, გოჩა მეზვრიშვილს, კომპანია „ინდრას“ გენერალურ დირექტორს გონზალო გავინს, კომპანია „სიტის,“ სამშენებლო კომპანია “დაგის”, „საქაერონავიგაციისა“ და „ინდრას“ თითოეულ თანამშრომელს.

“ამ ადამიანებმა დიდი შრომა გასწიეს, რათა საქართველოს ჰქონოდა უმაღლესი სტანდარტების საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი და რა თქმა უნდა, ის წარმატებები სამოქალაქო ავიაციის სფეროში, რომლებზეც ვისაუბრე, არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ანგარიშზე.  მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო სააგენტოს ხელმძღვანელს გურამ ჯალაღონიას და მის გუნდს. დარწმუნებული ვარ, ეს დღე თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით “საქაერონავიგაციის” განვითარების ისტორიაში ყოველთვის ძალიან საამაყო იქნება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ კომპანიის 25 წლის იუბილე და მრავალი სხვა წარმატებული პროექტის განხორციელება გისურვოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

EUCOM მზადაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებასა და ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი