EUCOM მზადაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებასა და ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი
loader

Breaking news

EUCOM მზადაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებასა და ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი

  • EUCOM მზადაა საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებასა და ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი

თბილისი: საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ნატო-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ.

გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასშტაბური და ამბიციური პროექტის - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეიდან დაიწყება და 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 9 სამანევრო ბატალიონის გაწვრთნას ითვალისწინებს. დღესვე გაიმართება ნატო-ს სტანდარტების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონია, რომელიც ამავე პროგრამის ფარგლებში ვაზიანის ბაზაზე აშენდა.

შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის როგორც საგარეო, ისე უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნების გამოხატულებაა. მისივე თქმით, ქვეყნის რეფორმები და წინსვლა დაფუძნებულია ნატო-ს და ევროკავშირის მიერ აღიარებულ ფასეულობებზე, სტანდარტებსა და კრიტერიუმებზე.

ამერიკელმა გენერალმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული განვითარების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების კუთხით და დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების გზაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ EUCOM-ი მზადაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებასა და ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილზე, განსაკუთრებით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ, თავსებად და საიმედო პარტნიორად მიიჩნევს; ითქვა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობები მდგრადი და საიმედო თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

ყურადღება გამახვილდა ნატო-ს აქტიურ როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მზაობაზე, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ბრიუსელში ჩატარდება, პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს - როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი და აშშ-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.





იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე