ევროკავშირი ეხმარება ქართულ სამკერვალო ინდუსტრიას გახდეს კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე
loader

Breaking news

ევროკავშირი ეხმარება ქართულ სამკერვალო ინდუსტრიას გახდეს კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე

  • ევროკავშირი ეხმარება ქართულ სამკერვალო ინდუსტრიას გახდეს კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე

თბილისი: 1992 წლიდან  სამკერვალო კომპანია „ელსელემა“ ყველა სახის სამოსს აწარმოებს, უმთავრესად კი უნიფორმებს, სხვადასხვა სახის ტანისამოსს, მათ შორის ბუმბულის „გაბერილ“ ქურთუკებს, ყოველდღიურ და ნაქსოვ სამოსს მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის. ეს ოჯახური ბიზნესია, რომელიც წლების მანძილზე გაფართოვდა და ამჟამად ორ სამკერვალო ფაბრიკას მოიცავს - ერთს თბილისში და მეორეს ლანჩხუთში, დასავლეთ საქართველოში, სადაც ჯამში 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანია არ არის  ახალბედა უცხოურ ბაზრებზე. მას საჭირო ქსოვილები ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს, ხოლო ნაწარმი იტალიასა და თურქეთში გააქვს. თუმცა,  სამომავლო განვითარებისა და  ახალი ევროპელი დამკვეთების მოსაზიდად, „ელსელემა“-ს  საწარმო პროცესში მაღალი ევროპული და საერთაშორისო სოციალური და შრომითი სტანდარტების დანერგვა დასჭირდა. მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით კომპანიისთვის ურთულესი და პრაქტიკულად გადაუწყვეტელი ამოცანა იქნებოდა განეხორციელებინა საჭირო ცვლილებები კომპანიის მოწყობაში, მოემზადებინა ყველა საჭირო დოკუმენტი და  სათანადოდ დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო აუდიტის მოთხოვნები შესაბამისი  სერთიფიკატის მისაღებად, რომელიც გზას გაუხსნიდა „ელსელემა“-ს ევროპულ ბაზარზე ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებისკენ.    

ახლა უკვე კომპანია დარწმუნებულია, რომ ამას შეძლებს იმ პროექტის დახმარებით, რომელსაც ევროკავშირი, თავისი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში აფინანსებს. პროექტი საქართველოს სამკერვალო ინდუსტრიაში ბიზნეს კლასტერის განვითარების გზით ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს აიმაღლოს სტანდარტი ყველა საჭირო მიმართულებით და გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე.

პროექტს, რომლის სახელწოდებაა „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ბაზრის ძირეული შესწავლის შემდეგ GIZ-ი დაუკავშირდა საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო სამკერვალო კომპანიებს და მათ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა, რაც საშუალებას მისცემდა მეწარმეებს დაეკმაყოფილებინათ ევროპაში და მსოფლიოში წამყვანი საწარმოო სტანდარტები, რომლებიც ბიზნესის სოციალური შესაბამისობის ინიციატივის (BSCI) სისტემის ნაწილია. აღნიშნული სტანდარტები ისეთ საკითხებს არეგულირებს, როგორიცაა სოციალური პასუხისმგებლობა, შრომის უსაფრთხოება და მუშა-ხელის დაცვა.  ასევე,  პროექტის ფარგლებში, სამკერვალო კომპანიები მონაწილეობას მიიღებდნენ სავაჭრო მისიებში ევროპულ ბაზარზე ახალი კონტაქტების დამყარების მიზნით. 

"ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა და მონაწილეობა მივიღეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რადგანაც ის გვაძლევს შანსს განვვითარდეთ და გავხადოთ ჩვენი ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი. სასიკეთო შედეგებს უკვე ვხედავთ“, - განაცხადა ქართული სამკერვალო კომპანია „ელსელემას" დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა. 

როგორც წინასწარმა კვლევამ, ასევე გერმანიაში გასულ სექტემბერს განხორციელებულმა სავაჭრო მისიამ აჩვენა, BSCI  სტანდარტის დაკმაყოფილება ევროპელი მყიდველების ერთი-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, ამას „ელსელემას" წარსული გამოცდილებაც ადასტურებს. 

„ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რათა დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტები და დავუკავშირდეთ პოტენციურ პარტნიორებს ევროპაში. ზოგიერთი მცირე და საშუალო მეწარმე საქართველოში, სხვადასხვა მიზეზის გამო, კვლავ თავს იკავებს  მსგავს პროექტებში მონაწილეობისგან,“ ამბობს „ელსელემა“-ს დამფუძნებელი და აქვე აღნიშნავს, რომ დახმარების გარეშე  მსგავს კომპანიებს გაუჭირდებათ იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებიც თან ახლავს საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიერ შექმნილ შესაძლებლობებს. 

„ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით ჩვენ უკვე ვიმყოფებოდით გერმანიაში და შევხვდით პოტენციურ პარტნიორებს. ამჟამად მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფასთან და სხვა ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით. პროექტის წყალობით, გერმანიის  სამკერვალო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის საცალო ვაჭრობის ფილიალმა საქართველოს მიმართ ინტერესი გამოხატა“,  - განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა.

ძალა ერთობაშია: ბიზნეს კლასტერის განვითარება

ელგუჯა მამასახლისს დიდი მოლოდინი აქვს სხვა სამკერვალო კომპანიებთან თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ქართული სამკერვალო ინდუსტრიის კონსოლიდაციის და სიმძლავრეების გაზრდის შესაძლებლობას შექმნის.

გარდა იმისა, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნება  მეტი მყიდველის მოზიდვა, მსგავს თანამშრომლობას „შეუძლია გააადვილოს სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენელთა დიალოგი მთავრობასთან და ხელი შეუწყოს  ბიზნესისთვის სასარგებლო საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებას. ცალკე აღებული კომპანიისთვის ამგვარი დიალოგი მთავრობასთან უმეტესწილად არაპროდუქტიულია“, - აცხადებს ელგუჯა მამასახლისი.

ამ მოსაზრებას მიხეილ გეთიაც იზიარებს, რომელიც პროექტის კიდევ ერთ  მონაწილე სამკერვალო კომპანია „MPT საქართველოს" ხელმძღვანელობს. მისი აზრით, კლასტერში გაერთიანების გზით სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლები შეძლებენ უფრო ეფექტურად მოახდინონ სექტორისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება. 

კომპანია საკმაოდ ახალია ქართულ ბაზარზე - ის 2016 წელს დაარსდა ქართული და დანიური თანამონაწილეობოთ. მიუხედავად იმისა, რომ დანიელმა მეწილეებმა საწარმოს ევროპული ქვეყნებისკენ გზა გაუხსნეს, „MPT საქართველოს" მაინც უჭირს ევროკავშირის ბაზარზე ახალ პარტნიორებთან კონტაქტების დამყარება BSCI სერთიფიკატის უქონლობის გამო. 

ამასთანავე, საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის საბოლოო სამმხრივი შეთანხმების დაყოვნება ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა სამკერვალო კომპანიებისთვის, რომლებსაც საჭირო ნედლეულის შემოტანა მეზობელი ქვეყნიდან უწევთ. შეთანხმება ე.წ. EUR.1 გადაადგილების სერთიფიკატზე საშუალებას მისცემს იმპორტიორებს არ გადაიხადონ იმპორტის გადასახადი, ან ისარგებლონ შემცირებული ტარიფით ევროკავშირსა და ბენეფიციარ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის EUR.1 სერთიფიკატი 2014 წლიდან მოქმედებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში. ამ სერთიფიკატთან დაკავშირებით საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ზოგადი შეთანხმება მიღწეულია. საერთო ძალისხმევით კლასტერის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ დავაჩქაროთ ამ შეთანხმების შესრულება, რაც ქართული სამკერვალო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება“, - განაცხადა გეთიამ. 

ევროკავშირის პროექტი კომპანიას სხვა მიმართულებითაც ეხმარება. „MPT საქართველო“-სთვის კიდევ ერთ სერიოზულ გამოწვევას საზღვარგარეთ მცირე ტვირთების ტრანსპორტირება წარმოადგენდა, რადგან გადამზიდავი კომპანიები, ძირითადად, დიდი მოცულობის ტვირთებით ინტერესდებიან, ხოლო საჰაერო ტრანსპორტირება ძვირი ჯდება. 

ამ პრობლემის მოგვარება გასული სექტემბრის სავაჭრო მისიის ფარგლებში მოხერხდა.

"ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა პროექტის დამსახურებაა, რადგანაც გერმანიაში ყოფნის დროს  დაგვაკავშირა კომპანიასთან, რომელსაც ახლა ჩვენი მცირე ტვირთები უპრობლემოდ გადააქვს“, - თქვა გეთიამ. 

BSCI აუდიტის მიმართულებით მხარდაჭერა

სამომავლო პერსპექტივაში, ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება კომპანიისთვის მაინც GIZ-ის ექსპერტების მხრიდან BSCI აუდიტისთვის მომზადების საქმეში მხარდაჭერაა.

გეთია ამბობს, რომ „MPT საქართველოს"  პარტნიორობა დანიურ მხარესთან უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია გავიდეს დანიაში და იქიდან - გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და კანადაში. „ჩვენ აქტიურად ვეძებდით ახალ დამკვეთებს,“ - აცხადებს გეთია, „მაგრამ BSCI სერთიფიკატის არქონის გამო ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობდა.“

პროექტი არა მხოლოდ დაეხმარა კომპანიას მოემზადებინა ათობით სავალდებულო დოკუმენტი BSCI აუდიტისთვის, არამედ მეტიც, მისი მეშვეობით საწარმო მთლიანად გადაეწყო საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლის მიზნით. 

"MPT საქართველო“-მ BSCI აუდიტისთვის მოთხოვნა გასული წლის ივლისში გაგზავნა. თუმცა, მაშინ მხოლოდ ძალიან დაბალი, „D“ დონის შეფასება მიიღო. 

"აუდიტორმა დაგვიტოვა რეკომენდაციები შრომითი უსაფრთხოებისა და სხვა სავალდებულო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.  ევროკავშირის და GIZ-ის ექსპერტებმა მთლიანად შეცვალეს კომპანიის მოწყობა და დაგვეხმარნენ უამრავი დოკუმენტის შექმნაში. მათი დახმარების გარეშე ვერ შევძლებდით მოგვემზადებინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია განმეორებითი აუდიტისთვის, რომელიც აპრილში იგეგმება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად „A“ ან „B“ დონის სერთიფიკატს ავიღებთ, რაც საშუალებას მოგვცემს თავისუფლად დავუკავშირდეთ ახალ ევროპელ მყიდველებს“, - თქვა გეთიამ.

BSCI აუდიტისთვის დოკუმენტაციის მომზადება უდიდესი გამოწვევა იყო პროექტის კიდევ ერთი ბენეფიციარის, შპს „მატერიასთვის", რომელიც 2003 წელს დაარსდა და თავისი სამკერვალო პროდუქცია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და იტალიაში გააქვს. 

"შრომითი უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ აუდიტისთვის მზად ვიყავით. თუმცა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება დიდ პრობლემას წარმოადგენდა ჩვენთვის. ევროკავშირის და GIZ-ის დახმარებით ჩვენ ეს შევძელით და მალე მოვიწვევთ აუდიტს,“ განაცხადა.კომპანიის ხელმძღვანელმა, ლადო  გიორგაძემ. 

მისი თქმით, პროექტის საშუალებით „მატერია“ ევროპაში პოტენციურ მყიდველებს დაუკავშირდა და კომპანიის წარმომადგენლები ევროპულ სამკერვალო სფეროში არსებულ უახლეს მიღწევებსაც გაეცნენ. „სავაჭრო მისია გერმანიაში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო“, - აღნიშნა გიორგაძემ.

ახლა, როცა ევროკავშირის სხვა პროექტის მეშვეობით „მატერიამ" ასევე  გაიარა ბიზნეს კონსულტაცია და მოიპოვა კრედიტი ექსპორტთან დაკავშირებული ინვესტიციისთვის, კომპანია მზადაა მომავალი გამოწვევებისთვის.  

"ჩვენ ორიენტირებულები ვართ მუდმივ განვითარებაზე, კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაზე, ჩვენი თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების უზრუნველყოფაზე. სწორედ ეს გამოარჩევს ჩვენ კომპანიას,“ განაცხადა გიორგაძემ. 

დღეს, ევროპელი კონსულტანტების ჩართულობით მიმდინარე ცხრათვიანი ინტენსიური სამუშაო პროცესის შედეგად, ოთხი ქართველი მწარმოებელი - შპს „ელსელემა“, შპს „ევროტექსი“, შპს „მოდელების სახლი მატერია“ და „MPT საქართველო“ მზად არიან სოციალური შესაბამისობის ინიციატივის (BSCI) აუდიტისთვის.  

"ევროკავშირი ბიზნესისთვის“

"ევროკავშირი ბიზნესისთვის“ არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის პროგრამებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და კერძო სექტორის განვითარებისთვის. ინიციატივა საშუალებას აძლევს კერძო სექტორს ისარგებლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უპირატესობებით, რომელიც კარს უღებს საქართველოს 500 მილიონიანი მომხმარებლის ბაზრისკენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე