ანალიტიკა

რატომ აღარ გამოვიდა Вагнер-ის მებრძოლის მემუარები, სადაც საქართველოს ომში მონაწილეობაც არის ნახსენები

image
  • Front News International
  • 268
  • 6 თვის წინ

Медуза-მ გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ მარატ გაბიდულინთან, რომელშიც ის კერძო სამხედრო კომპანია Вагнер-ში მუშაობის შესახებ ყვებოდა. გაბიდულინი ერთადერთია იმ რუსი დაქირავებული მებრძოლებიდან, რომლებმაც საჯაროდ, ღიად ისაუბრა იმაზე, თუ რით არის დაკავებულები ვლადიმერ პუტინის „მზარეულად“ წოდებული პრიგოჟინისა და რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი კერძო სამხედრო კომპანია Вагнер. უფრო მეტიც, გაბიდულინმა მემუარები დაწერა, რომელიც უკვე დასაბეჭდად იყო მზად. მემუარებში დეტალურად იყო აღწერილი ის საბრძოლო ოპერაციები, რომლებსაც სინამდვილეში რუსეთის ფედერაცია ახლო აღმოსავლეთში აწარმოებს, რუსი დაქირავებული მებრძოლების რუტინა, ურთიერთობები, წვრთნები, ასევე, კორუფციული სქემები, საბრძოლო მიზნები და ისტორიები საომარი მოქმედებების შესახებ, რომლებიც ავტორს თავს გადახდა. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, გაბიდულინი ინტერვიუში აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინი სიამოვნებით დათანხმდა ამ მემუარების გამოქვეყნებას და თავადაც მოუფიქრა სახელწოდება – „ვაგნერი. უვერტიურა ფაუსტისთვის“, ასევე, მანვე მიიღო მონაწილეობა წიგნის რედაქტირებაში, ვინაიდან ფიქრობდა, რომ Вагнер რუსეთისთვის უდიდეს საქმეს აკეთებს. მისი თქმით, ენგენი პრიგოჟინს მისი მემუარები იმდენად მოეწონა, რომ აპირებდა, წიგნის ერთი ეგზემპლიარი პრეზიდენტის პრესმდივნისთვის, დმიტრი პესკოვისთვის ეჩუქებინა. ამას გარდა, მას იმდენად მოეწონა გარკვეული პასაჟები წიგნიდან, რომ ისინი ამობეჭდა და აპირებდა, „ვაგნერის“ პირადი შემადგენლობისთვის დაერიგებინა, რომ რაღაც ფრაზები დაეზეპირებინათ და სულისკვეთება აემაღლებინათ.

კერძო სამხედრო კომპანია Вагнер-ი მთელი თავისი არსებობის მანძილზე დახურულ სტრუქტურად რჩება. გაბიდულინის აღსარებამდე, ფაქტობრივად, არ არსებობდა დოკუმენტური აღწერა იმისა, თუ რა ხდება ჩვკ-ის შიგნით. გაბიდულინი ამტკიცებს, რომ მისი მემუარები  ნამდვილ მოვლენებს აღწერს, შეცვლილია მხოლოდ მოქმედი პირების სახელები. 2015 წელს Вагнер-ი  სირიის ომში არაოფიციალურად ჩაერთო და მას მერე რუსეთის საზღვრებს გარეთ ათამდე ლოკალურ კონფლიქტში მონაწილეობდა. მთელი ამ დროის განმავლობაში Вагнер-ი გასაიდუმლოებულ და დახურულ ფორმირებად რჩება, მისი ფაქტობრივი მესვეურები უარყოფენ რაიმე კავშირს ამ კომპანიასთან, მით უფრო, კრემლის ხელმძღვანლობა არ აღიარებს, რომ Вагнер-ი  არსებობს და სადმე  იბრძვის. კრემლი და მისი მედია არ აღიარებენ არც ადამიანურ დანაკარგს „ვაგნერელების“ რიგებში.  ანუ დაქირავებული რუსი მებრძოლები ახლო აღმოსავლეთში ისე იღუპებიან, რომ სახელმწიფო მათ სიკვდილს არ აღიარებს. თუმცა, ამ თემაზე მსოფლიოს და დამოუკიდებელმა რუსულმა მედიამაც არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და მრავალი დოკუმენტური მტკიცებულება წარადგინა იმისა, რომ Вагнер-ის მებრძოლები მოქმედებენ ყველგან, სადაც კრემლს სჭირდება. არსებობს დადასტურებული ცნობები „ვაგნერელების,, დაღუპვისა და დაჭრის შესახებაც. ინტერნეტსივრცეშიც უკვე მოიპოვება ამის არაერთი ვიდეო თუ ფოტო მტკიცებულება. ამ კომპანიის შემქმნელად და დამფინანსებლად მიიჩნევა ბიზნესმენი – ევგენი პრიგოჟინი, რომელიც კრემლის კერტერინგის სამსახურის უფროსია და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია, ხოლო უშუალო ხელმძღვანელი – დმიტრი უტკინი, რუსული სპეცმსასახურის ყოფილი მაღალჩინოსანია.

ასევე, გაბიდულინი Медуза-სთან ინტერვიუში ყვება, რომ 4-წლიანი მუშაობის შედეგად მან საიდუმლოდ მიიღო სახელმწიფო ჯილდო, მძიმედ დაიჭრა და უბრალო მებრძოლიდან სადაზვერვო დანაყოფის უფროსამდე დაწინაურდა. ის იმედოვნებდა, რომ ევგენი პრიგოჟინი გაითვალისწინებდა იმ შეცდომებს, რომლებიც მართვაში დაუშვა და ასევე მთელი მსოფლიო გაიგებდა იმას, რაც ისედაც უკვე ყველასთვის ცნობილია. გაბიდულინის თქმით, იმდენად საამაყოა, რასაც რუსი დაქირავებული მებრძოლები აკეთებენ, რომ ამის დამალვა მათი შეურაცხყოფაა და არა – დაფასება. „მინდოდა, ადამიანებამდე მიმეტანა ის, რომ Вагнер-ის თემაზე სამხედროებისა და პოლიტიკოსებისგან სიცრუე მოდის. მთელმა სამყარომ იცის, რაც ხდება, თქვენ კი საკუთარ ხალხს  სიმართლეს უმალავთ. ეს ნორმალურია?“, – ამბობს გაბიდულინი.

მარატ გაბიდულინი ინტერვიუში აცხადებს, რომ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მას და სხვებს პირდაპირ უთხრეს, რაც ელოდათ: „ბიჭებო, თქვენ იომებთ იქ, სადაც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებია. მოემზადეთ იმისთვის, რომ შეიძლება, ყველაფერი ცუდად დასრულდეს და თქვენ მოგკლან.“

ასევე, როგორც  გაბიდულინი ინტერვიუში ამბობს,  იმის გამო, რომ ოთხმა დებილმა, რომელმაც სირიელი დეზერტირი აწამა, შემდეგ  კი თავი მოაჭრა და დაწვა – მთელს მსოფლიოს ჰგონია, რომ ყველა „ვაგნერელი“ ასეთია. ფაქტობრივად, მან აღიარა ისიც, რომ სწორედ რუსეთის მოქალაქეების მიერ იყო ჩადენილი ეს უსასტიკესი დანაშაული, რომელზეც  პასუხი არც კრემლს და არც „ვაგნერის“ ხელმძღვანელობას არ უგია. „ამის გაკეთება თავად „ვაგნერმა“ (მეთაურმა დიმიტრი უტკინმა) უბრძანა. ეს სხვების დაშინების მიზნით გააკეთა. და როგორც მითხრეს, ვიდეოც მისი ბრძანებით გადაიღეს”, – ამბობს გაბიდულინი. მისი თქმით, ეს ოთხი სადისტი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მაგრამ „ამას ვერავინ ვერ გააკეთებს – რა საფუძველზე, როცა კრემლი და „ვაგნერის“ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ  იქ რუსები არ იბრძვიან?“

ასევე, გაბიდულინი ყვება, რომ მისი თანამებრძოლები აღფრთოვანებულები იყვნენ მემუარების იდეით და ელოდნენ წიგნის გამოსვლას. ის ამბობს, რომ ეს მებრძოლთა სულისკვეთების ამაღლებისთვის იქნება კარგი, რადგან ახლა „ვაგნერში,, მხოლოდ ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრები ეწერებიან, რომლებმაც ბრძოლა არ იციან და მხოლოდ ფულის მიღება სურთ. მისი თქმით, „ადამიანები, რომლებმაც დენთის სუნი შეიგრძნეს ჩეჩნეთის ან საქართველოსთან ომის დროს, „კანტორაში,, აღარ მიისწრაფვიან.“

თუმცა, მას მერე, რაც მარატ გაბიდულინის ინტერვიუ Медуза-ზე გამოქვეყნდა, საგამომცემლო სახლისგან წიგნის მთელი ტირაჟი გაითხოვეს – ის აღარ დაიბეჭდება. როგორც ჩანს, პრიგოჟინის სისხლიანი „უვერტიურა“ დღის სინათლეს  ვეღარ იხილავს, რადგან ის, რითიც ის ამაყობს, სულაც ვერ იქნება საამაყო კრემლისთვის.