საზოგადოება

1 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

image
  • Google
  • 100
  • 3 კვირის წინ

1 ივნისის მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნებია: მთავრობამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში;  ასევე, დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში.

"თვეზე მეტია სახალხო დამცველს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი “ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში” არ უშვებენ.

7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება დაავალდებულა, პასუხისმგებლობა აეღო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის განხორციელებაზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო დღემდე არ უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ დღემდე არ ვიცით რა მდგომარეობაში არიან ბავშვები, მაშინ როცა, სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას.

ვინაიდან დიდი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას და სათანადო ზრუნვას, 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე), 18:00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიის წინ ვმართავთ საპროტესტო აქციას და საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ:

• დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;

• დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში.

აქციას ასევე უერთდებიან: ქალთა მოძრაობა, სირცხვილია, Tbilisi Pride, ფონდი ფემინა/Femina Fund", - აღნიშნულია ინფორმაციაში