საზოგადოება

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა ცრუ ჩვენებასთან მიმართებაში, რაც ნიშნავს, რომ ექიმებს საერთოდ აღარ აქვთ სისტემის ნდობა"

image
  • Facebook
  • 61
  • 2 კვირის წინ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მონაწილეობდა მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში, საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელს ცრუ ჩვენება მისცა.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მონაწილეობდა ჩვენი კოლეგა-ექთნის შემთხვევის მართვაში, ინფორმაცია, რაც მისცა სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე მარეგულირებელს, აღმოჩნდა, რომ იყო არასწორი და არ ასახავდა იმ რეალურ სურათს, რაც მოხდა კლინიკაში. ასეთი ცრუ ჩვენება, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით, სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, თავის მხრივ, რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას, რათა დადგინდეს რეალური ფაქტები. ამის მიხედვით უკვე ექსპერტების მოკვლევის მიხედვით საფუძველი გვექნება, ვიმსჯელოთ, მოხდა თუ არა საექიმო შეცდომა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ვერ ვილაპარაკებთ ჯერ ვერც საექიმო შეცდომასა და ვერც სხვა ვერაფერზე, ვიდრე არ დადგინდება შესაბამისობა ნამდვილ ფაქტებთან მიმართებაში. პირველი ჩვენება ასახავდა სხვაგვარ სურათს. ამ ქალბატონმა ტელევიზიითაც არაერთხელ აღწერა პროცესი, როგორ გაუკეთა ადრენალინი და ასე შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, იმ მომენტში ფიზიკურად უკვე აღარ იმყოფებოდა კლინიკაში, თუმცა მეთვალყურეობას პაციენტზე აგრძელებდა სამედიცინო პერსონალი. რეალურად, რამდენად გვაქვს სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებით რაიმე გადაცდომა, ამას სამხარაულის ბიუროს ექსპერტების დასკვნების შემდეგ გვეცოდინება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა არასწორ, ცრუ ჩვენებასთან მიმართებაში, რაც ძალიან საყურადღებოა და ნიშნავს, რომ ექიმებს საერთოდ აღარ აქვთ სისტემის ნდობა. არ აქვთ იმედი, რომ თავის სიმართლეს საექიმო მიმართულებით დაამტკიცებს და ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ყურადღება. ეს არ არის საექიმო შეცდომის საკითხი, ეს არის ძალიან სისტემური თემა, რომელზეც რაღაც რეაგირება ალბათ უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის პროკურატურამ ახალციხის კლინიკის ორ ექიმსა და ექთანს ბრალდება წარუდგინა.