პოლიტიკა

"ძალიან ვწუხვართ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა"

image
  • Google
  • 89
  • 2 კვირის წინ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, საქართველოში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაცხადა, რომ მისი პარტიიდან არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში შევლენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს საქართველოს მოქალაქეების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მინიჭებულ მანდატებს. ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ.

თუმცა, ძალიან ვწუხვართ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის. ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება. ამ შეთანხმების ხელმოწერით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერებისთვის, ასევე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.