ანალიტიკა

პოლიტიკა

"საქართველო დღეს სუვერენიტეტის სერიოზული შერყევიდან და სახელმწიფოს ჩამოშლიდან ერთ ნაბიჯში დგას"

image
  • Facebook
  • 139
  • 2 კვირის წინ

"ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე საქართველოში, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს Front News International-თან აფასებს. ის პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროტესტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ, სრულიად ლოგიკური და გასაგები იყო. 

გობრონიძე მიიჩნევს, რომ პოზნერი საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო პოლიტიკის ერთ-ერთი სახეა. 

"პოზნერის ვიზიტზე როდესაც ვსაუბრობთ, რამდენიმე ძალიან სერიოზული და პრობლემატური საკითხი იკვეთება. პირველი, ყველამ ვიცით, რომ ეს პოზნერის პირველი ვიზიტი არ ყოფილა. საქართველოში აქამდეც ჩამოდიოდა, აღნიშნავდა დაბადების დღეს და ამასთან დაკავშირებით მას პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ დღეს, როდესაც საზოგადოებაში მძიმე ემოციური ფონია, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ როგორ იქცევა ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, მის კონტროლ ქვეშ არსებული სეპარატისტული რეჟიმები რამდენად ცუდათ მოქმედებენ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მოქალაქეების უფლებები ირღვევა ყოველდღიურ რეჟიმში. გახელაძის პატიმრობა გავიხსენოთ თუნდაც, ახლახანს ჰქონდა დაბადების დღე ტატუნაშვილს, რომელიც სასტიკად აწამეს და მოკლეს. პრაქტიკულად, სიგნალი, რომელსაც ვიღებთ მეორე მხრიდან, ხშირად შეიძლება წავიკითხოთ ასე: ქართველის სიცოცხლეს არ აქვს მნიშვნელობა. ამას ემატება ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ფონი, რომელიც პრაქტიკულად ნახევარწლიანი პოლიტიკური კრიზისია და ეს თავისთავად ცხადია, იწვევს საზოგადოებაში განწყობების ცვლილებას და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები. ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო პოზნერის ჩამოსვლა, როგორც ერთგვარი პროვოკაცია და გამოწვევა. ამდენად, პროტესტი აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგები იყო, იმიტომ რომ უბრალოდ სტუმარი პოზნერი ვერ იქნებოდა, ის არ არის უბრალოდ რიგითი მოქალაქე, ის არის საკმაოდ ცნობილი სახე, ასოცირებული პრაქტიკულად რუსულ ტელევიზიასთან თავისი წარსულიდან გამომდინარე. შესაბამისად, ბევრი ადამიანისთვის ვინც იცის მისი საქმიანობა, ეს იქნებოდა გაიგივებული ერთგვარ გამოწვევასთან, ერთგვარ პროვოკაციასთან და აფრიალებულ წითელ ცხვირსახოცთან, ამიტომ პროტესტი იყო სრულიად ლოგიკური", - აცხადებს გობრონიძე. 

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებასაც აკისრებს, რომელმაც მისი განმარტებით, დაუშვა კანონის შერჩევითობა. 

"რაც შეეხება პროტესტის ფორმას და მის ეთიკურ მხარეს, ამაზე შეიძლება ბევრს ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება და არ მინდა მორალისტის პოზიციიდან განვსაჯო ვინმე. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის, რაც მოხდა, მოულოდნელი არ ყოფილა. მეორე მომენტია ის, რომ პირველ რიგში მაინც, ამ ყველაფრის ადრესატი უნდა ყოფილიყო არა უშუალოდ კონკრეტული ადამიანი, ვინც ჩამოვიდა ქვეყანაში, არამედ ის სახელმწიფო, რომელმაც დაუშვა, რომ კანონი არის ნაწილი მოქალაქეებისთვის ერთი, ნაწილისთვის კი - სხვა. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ, რომ არ ყოფილიყო მათი მხრიდან რეგულაციების ასეთი უხეში დარღვევა, ანუ აქ არა მისმა რუსეთთან კავშირმა ითამაშა როლი, არამედ იმან, რომ რუსეთისთვის ცნობილი სახისთვის შეიძლება გადაიხედოს კანონი და დაშვებული იქნას გამონაკლისი. ამაზე უკვე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. როდესაც ელემენტარულად ადამიანები  21:00 საათის მერე ვერ ახერხებენ აფთიაქში წასვლას წამლის საყიდლად, თუნდაც გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღებას და უამრავი სხვა მომენტია, ასეთ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე ვიღაცებისთვის შეიძლება დაბადების დღის აღნიშვნა რესტორანში. როგორც ხელისუფლების წევრთა მხრიდან მსგავსი წვეულებები იწვევს გაღიზიანებას, ორმაგად გამოიწვევდა ეს ყველაფერი, მით უფრო რომ საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო პოლიტიკის ერთ-ერთი სახე ჩამოდის", - აცხადებს გიორგი გობრონიძე.

მისივე თქმით, რუსეთთან არათანმიმდევრულები ვართ, რაც გვაზიანებს. კერძოდ, ნომერ 1 საგარეო საფრთხე, ნომერ 3 ეკონომიკურ პარტნიორად გვყავს ქცეული. 

"საფრთხეებს რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ ეს იყო ისეთი ტიპის მოვლენა, რომელიც რაღაც სერიოზული საფრთხის წარმომქმნელი გახდება რუსეთის ფედერაციიდან. იმიტომ რომ არ შეიძლება ეს ერთჯერადი აქტი შეფასდეს, რაღაც რუსოფობიურ გამოხტომად საქართველოში, იმიტომ რომ ანალოგიური წარმატებით შეუძლია აშშ-მა განაცხადოს, ჩემი მოქალაქე გააძევესო. აქ პრობლემა იყო პიროვნებაში, მის დამოკიდებულებაში და მისადმი დაშვებულ გამონაკლისებში. მეორე მომენტია ის, რომ გასაგებია, ზოგადად ეცდებიან ამის გამოყენებას რუსეთის ფედერაციაში ისე, რომ აი, ხომ ხედავთ საქართველოში არსებობს რუსოფობია. იქნება იმ სტანდარტული ნარატივის გაგრძელება, რომლის ტირაჟირებასაც ზოგადად ახდენს რუსული პოლიტიკური ელიტა. თუმცა მთავარი პრობლემა ჩვენი რა არის იცით? რუსეთის ფედერაციასთან ვართ საოცრად არათანმიმდევრულები. ელემენტარულად ენგურჰესის მართვა, ხრამი 1, ხრამი 2, ფოთში - ნავთობტერმინალი, კიდევ დაახლოებით ათეულობით ამ მნიშვნელობის სტრატეგიული, ეკონომიკური სიმძლავრე არის რუსეთის ფედერაციაზე გადაცემული, დამოკიდებული ვართ რუსულ ტურიზმზე, ვცდილობთ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი შეღწევადობა რუსეთის ბაზარზე იმ დროს, როცა ჩვენს ორ რეგიონში მიმდინარეობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განგრძობადი და აქტიური ოკუპაცია, რომელსაც გააჩნია მცოცავი ოკუპაციის ხასიათი. ვხედავთ, პერიოდულად როგორ ხდება საოკუპაციო ხაზის ცვლილება. ვხედავთ, როგორი დამოკიდებულება არსებობს ამ ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების მიმართულებით. ასევე, საოკუპაციო პოლიტიკა იძენს ანექსიის სახეს 2015 წლიდან მოყოლებული, როდესაც გაფორმდა ხელშეკრულებები აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მეორე მხრივ. პრაქტიკულად, ჩვენ, ნომერი 1 საგარეო საფრთხე გვყავს ქცეული, ნომერ 3 ეკონომიკურ პარტნიორად. ანომალიური ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და ეს არათანმიმდევრულობა გვაზიანებს პირველ რიგში", - აცხადებს გობრონიძე. 

პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, ევროპარლამენტარების განცხადებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას, საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები ობიექტურად უნდა ჰქონდეს აღქმული. 

"კარგი იქნებოდა, როგორც მმართველ პოლიტიკურ ძალას, ისე ოპოზიციურ ძალებს ჰქონდეთ ობიექტურად აღქმული ის, რაზეც არის საუბარი ამ განცხადებებში. ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდნენ ამ იდიოტური ბრალდებითი ნარატივებიდან, რომ ყველაფერი არის მეორე მხარის პასუხისმგებლობა და მათი პასუხისმგებლობა არაფერია. არ ვიცი დიპლომატიური გზავნილის წაკითხვა ვინ რამდენად იცის ამ ქვეყანაში, მაგრამ ელემენტარულად როდესაც შეხვედრაზე ამბობენ, რომ კონსტრუქციულია, ნიშნავს, რომ შეხვედრა დაძაბულია ხომ? როცა ამ ფონზე გეუბნება დიპლომატი, რომ იფიქრე შენი ქვეყნის ინტერესებზე და  გამოდი შენი ქვეყნის ინტერესებიდან ერთხელ მაინც, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ქართული პოლიტიკური კლასი, როგორც მმართველი ისე ოპოზიციური, ვერ იაზრებს არსებულ გამოწვევებს და პასუხისმგებლობასაც ვერ აცნობიერებს ბოლომდე საკუთარი სახელმწიფოს წინაშე"-განმარტავს გობრონიძე. 

მისივე განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლიდან პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი უკლია და თუ ორივე მხარე დათმობაზე არ წავა, სავალალო შედეგამდე მივა ქვეყანა. 

"გამოსავალი არის: პირველი, რაღაცებზე ყველამ დაიხიოს უკან, რაღაცაში უნდა იპოვონ კომპრომისი, თორემ საქართველო შევა ძალიან დიდ ჩიხში. როგორც უსაფრთხოების მკვლევარმა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის სერიოზული შერყევიდან და სახელმწიფოს ჩამოშლიდან, დღეს ეს სახელმწიფო დგას ერთ ნაბიჯში. ამაზე თეორიულად შემიძლია ვიმსჯელო და არა ემოციურად. მეცნიერულად რომ შევხედოთ საკითხს, ეს სახელმწიფო პრაქტიკულად არის ჩამოშლის პირას, რასაც არშემდგარ ქვეყანას უწოდებენ, იმად გადაქცევის პირას და თუ ვერ გააცნობიერეს ეს მომენტი, მაშინ მოგვიწევს ძალიან დიდი ნაბიჯებით უკან გადახტომა და შესაბამისად, ხელახლა დაწყება ნულიდან რაღაცების. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს. როცა ქვეყნის პოლიტიკოსს, უცხო დიპლომატი გეუბნება, შენი ქვეყნის ინტერესით იფიქრეო, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მსგავსი რამ მსოფლიოს დიპლომატიის ისტორიაში არ მინახავს", -აცხადებს გიორგი გობრონიძე Front News International-თან.