პოლიტიკა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

image
  • Parliament of Georgia
  • 80
  • 1 თვის წინ

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს - „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად შეიქმნა, მეოთხე შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იყო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.

როგორც სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფაქტობრივად, ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება.

„შევჯერდით ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე და ამ კუთხით მოსაზრებების სრული თანხვედრა გვაქვს, მათ შორის შევთანხმდით, რომ გაიზრდება ვადა და რამდენიმე თვით ადრე იქნება ცნობილი თუ ვინ იქნებიან საარჩევნო უბნების წევრები. შევთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანი დაიკეტება, შესწორების ოქმების შედგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უბნის გადათვლის საფუძველზე. შეიქმნება საჩივრების წარდგენის ელექტრონული პორტალი, რომელზეც საჩივარი ელექტრონულად აიტვირთება და მისი ხელით შეტანა აუცილებელი არ იქნება. ასევე, თუკი საოლქო კომისია ან ცესკო სამართალდარღვევის ოქმს არ შეადგენს, შესაძლებელი იქნება ამის სასამართლოში გასაჩივრება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი და შეთანხმება მოხდა ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან და 100-მეტრიან რადიუსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის განცხადებით, ყველა ეს საკითხი აისახება კანონპროექტში და საბოლოო მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, მომდევნო კვირაში კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

„შეჯერებული ვარიანტი არის ის, რაც ეფუძნება როგორც ქვეყნის შიგნით კონსენსუსს, ასევე მოსაზრებებს, რაც პარტნიორებისგან გვაქვს. კანონპროექტის ინიცირების შემდეგ უკვე დაიწყება საპარლამენტო განხილვები და ჩვენ ორი თვე გვაქვს კანონის მიღებამდე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო დონეზე ძირითადი საკითხები შეჯერებულია, ხოლო დარჩენილ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა კიდევ გაიმართება.

„პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ის ცვლილებები, რაზეც შევთანხმდით, მემორანდუმის სულისკვეთებას პასუხობს. არის საკითხები, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ და მივიყვანოთ ბოლომდე, მაგრამ ძირითადი საკითხები: ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, საჯარო მოხელეებისთვის შეზღუდვების დაწესება და ამ პირთა წრის გაზრდა, ტექნოლოგიების შემოტანა, და რაც მთავარია - მთელი საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 10 პროცენტის სავალდებულო გადათვლა, რაც პრაქტიკულად ყველა შესაძლო ხარვეზს გამოაშკარავებს, საკანონმდებლო დონეზე გადაწყდება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.