პოლიტიკა

"ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა"

image
  • Political party Lelo
  • 58
  • 2 კვირის წინ

ბოიკოტმა მოიტანა შედეგი და ეს შედეგი გამოიხატება სწორედ ამ დოკუმენტით, მიმაჩნია, დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოიჩინა უპასუხისმგებლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მიცემული ჰქონდა პირობა, მივიდოდა მოლაპარაკებებზე, არ გამოცხადდა. დღეს მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შარლ მიშელისგან, რომელიც მომზადდა პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით, მის მიერ. აქ ჩვენ ვნახეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი ამოიწუროს ძალიან სწრაფად. ამავდროულად, შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ არის ის, რაც ჩვენ გვსურდა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, საუბარია 43-პროცენტიანი ზღვრის დაწესებაზე და მხოლოდ პროპორციული მაჩვენებლებით და არა მაჟორიტარული მაჩვენებლით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეთანხმება, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. როგორც ჩვენმა უახლოესმა სტრატეგიულმა პარტნიორმა განაცხადა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მათ მიაჩნიათ, არის საბოლოო დოკუმენტი და ელოდებიან პოლიტიკური სპექტრისგან ამ დოკუმენტისთვის მხარდაჭერას, რათა ევროკავშირმა და აშშ-მა გააგრძელონ მათი უშუალო, ღრმად ჩართულობით ყველა პუნქტის განხორციელებაზე მონიტორინგი და უზრუნველყონ ამ პუნქტების სრულად განხორციელება. ამიტომ მხარს ვუჭერ ამ დოკუმენტს, ჩვენ უნდა განვიხილოთ ის პარტიაში, პოლიტსაბჭოზე, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიასთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულია თავდებობა.

"ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა. ეს თავდებობა იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც უნდა გათავისუფლდეს ახლა მელია. შემდგომ რაც შეეხება, ამას ჰქვია თავდებობა, ინგლისურად გარანტორი იქნება ევროკავშირის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავდებად ბატონ ნიკა მელიას განთავისუფლებაზე გამოდის ევროკავშირი. რაც შეეხება ბატონ რურუას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ორივე ამ ადამიანს ექნება ერთი და იგივე დროითი ჩარჩო განსაზღვრული, რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან საბოლოოდ, დასრულდეს პატიმრობა რურუასი და ნიკა მელიას საკითხი გადაიჭრას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.