საზოგადოება

"მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა მარიონეტების თეატრის გვერდით"

image
  • Patriarchate of Georgia
  • 52
  • 2 დღის წინ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ბატონი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებით მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იგრძნო მწარე რეალობა იმისა, თუ როგორ ცარიელდება ჩვენი კულტურული სივრცე ადამიანი-ლეგენდებით.

სულ ცოტა ხნის წინ დაგვტოვეს ბატონებმა - კახი კავსაძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გურამ დოჩანაშვილმა და სხვებმა. დღეს კი ბატონ რეზოს ვაცილებთ.

მის შესახებ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ასეთი მრავალმხრივი და უნიკალური ნიჭის ესთეტი არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათად იქნება: რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, გრაფიკოსი, კერამიკოსი, სკულპტორი, წიგნების ილუსტრაციათა ავტორი, მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი...

მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა მარიონეტების თეატრის გვერდით. დღეიდან ეს საათი მარადისობის მკვიდრი ბატონი რეზოსთვის უკვე სამუდამოდ გაჩერდა.

ინებოს ღმერთმა, მისმა უკვდავმა სულმა საუფლო ნეტარებისა და მშვენიერების სამყაროში გააგრძელოს ცხოვრება და სავანესა მართალთასა განისვენოს", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.