საზოგადოება

"მე აქამდე არასდროს ვყოფილვარ აქციაზე, მაგრამ როცა ჩემს ქვეყანაში მიწა იყიდება, თავისთავად მტკივა"

image
  • Facebook
  • 764
  • 1 თვის წინ

"ხმალი ავლესოთ ქართველებო", "ლალე" - აღნიშნულმა სიმღერებმა ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციებზე რამდენჯერმე გაიჟღერა. ვიდეო სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან, 31 წლის ქუთაისელი კაწია გრიგოლასის ემოციურ ნამღერს, დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. 

კაწია პროფესიით ვოკალისტია. Front News International-თან საუბარში ამბობს, რომ საპროტესტო აქციებზე აქამდე არასდროს ყოფილა, თუმცა რიონის ხეობის მცველების გულწრფელმა პროტესტმა, აქციაზეც მიიყვანა და სიმღერაც შეასრულებინა, რომელიც დაგეგმილი არ ჰქონდა. 

"იმ პერიოდში როგორ ვიყავი იცით? თან ცრემლებს რომ იწმენდ და ძალიან გტკივა შენი ქვეყანა. მე აქამდე არასდროს ვყოფილვარ აქციაზე. პოლიტიკოსების სახელებიც არ ვიცი, იმდენად არ მაინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ ქართველი ვარ და როცა ჩემს ქვეყანაში მიწა იყიდება, თავისთავად მტკივა, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს. განსაკუთრებით ემოციური ვარ, როცა ასეთ რაღაცას ეხება საქმე. ერთი კვირა მკვდარივით ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი ამ ამბების გამო, მთელი დღე ვიჯექი ინტერნეტთან და ვაზიარებდი ვიდეოებს, რომ ბევრ ადამიანს ენახა და ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე, რაც შეიძლება ბევრი მოსულიყო"-ამბობს კაწია გრიგოლასი.

მისივე თქმით, "მშობლიური მიწის დაკარგვის სატკივარმა ათასობით ადამიანი გააერთიანა და პატრიოტული მოტივებით გაჯერებულმა სიმღერამ მათ გულებამდეც მიაღწია". 

"სატკივარს ყველა სხვანაირად გამოხატავს. მე მუსიკოსი ვარ, ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია. სათქმელსა და სატკივარს უფრო მეტად სიმღერით გადმოვცემ. ზოგადად ამ სიმღერებშიც ისეთი სიტყვებია, თან შენც რომ ემოციურად ხარ, ეს მიდის მსმენელამდე, ხვდებიან შენს ტკივილს, თავადაც გრძნობენ და განიცდიან. აქციაზე მეუღლესთან ერთად დავდივარ და როცა დასჭირდება ჩემს ქვეყანას, ყოველთვის წავალ. თუ საჭირო იქნება სამშობლოსთვის თავსაც გავწირავ. როცა ქართველები გავერთიანდებით, ერთმანეთის სიყვარულსა და გვერდში დგომას ვისწავლით, ვერც შინაური და ვერც გარე მტერი ვერ მოგვერევა. ეს ოდითგან ასე იყო და ასეც იქნება. თუ დაცალკევებულები ვიქნებით და ერთმანეთის იმედი არ გვექნება, ჩვენი საქმეც და ქვეყნისიც ცუდათ წავა", - ამბობს მუსიკოსი Front News International-თან. 

ნამოხვანჰესების გიგანტური კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, ადგილობრივები სამ თვეზე მეტია უწყვეტ აქციებს მართავენ. ისინი ღამეებს კარვებში ათევენ. ადგილობრივებთან ერთად რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობას გარემოს დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები აპროტესტებენ. აქციებს უერთდებიან მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც. მოთხოვნა ერთია: ხელისუფლებამ ბათილად სცნოს ხელშეკრულება, რომელიც თურქულ კომპანიაზე ხეობის ასობით ჰექტარი მიწის 99 წლით გადაცემას გულისხმობს და დატოვოს კომპანია "ენკამ" ტერიტორია.