სამართალი

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

image
  • Google
  • 58
  • 2 კვირის წინ

თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ვანო ზანდარაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლომ, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე იმსჯელა. წინასასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

დაკავებულმა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლო პროცესზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შუამდგომლობით მიმართა, დაცვის მხარემ კი მათი დაუშვებლობა მოითხოვა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით,საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადაეცემა.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა 15 აპრილს, 15:00 საათზე დაინიშნა.

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვანო ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა და მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა. თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვანო ზანდარაშვილმა თავისივე სამსახურებრივი იარაღით, პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურა საჩიშვილი რამდენიმე გასროლით მოკლა.