პოლიტიკა

"ვიტოვებ იმედს, თავს დააღწევთ კონფრონტაციისა და ზიზღის გზას, ეს გზა ბატონო ირაკლი დავით გარეჯამდე არ მიგიყვანთ"

image
  • Parliament of Georgia
  • 120
  • 2 თვის წინ

ვიტოვებ იმედს, რომ მიუხედავად თქვენი ორდღიანი ასეთი გამოსვლისა, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიშის მიტანა, საბოლოო ჯამში ამას არ გააკეთებთ და თავს დააღწევთ კონფრონტაციისა და ზიზღის გზას, ეს გზა თქვენ, ბატონო ირაკლი დავით გარეჯამდე ნამდვილად არ მიგიყვანთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

„გუშინ იყო კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავი და ორივე ვესწრებოდით ამ ღონისძიებას. გუშინ თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, ერთი დღე მაინც დამდგარიყავით ამ ორპარტიული ზიზღისა და კრიტიკის მიღმა. გუშინდელი დღე იმსახურებდა, მაგრამ სამწუხაროდ ისევ „ნაციონალური მოძრაობასა“ და მათ კრიტიკას მიუძღვენით. ჩვენ დაახლოებით ერთი თაობის ადამიანები ვართ. ჩვენი მშობლები დაბერდნენ ამ ქიშპისა და ზიზღის ყურებით. ჩვენც ბევრი განსხვავებული არაფერი გვინახავს და მე არ მინდა, რომ ეს მემკვიდრეობა დავუტოვოთ ჩვენს შვილებს, რომლებსაც არ აინტერესებთ, ჩემს შვილებს ვიცი, რომ არ აინტერესებთ, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ან „ქართულ ოცნებაში“, მათ სულ სხვა ინტერესები აქვთ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს აინტერესებს, რა პერსპექტივა ექნებათ, სად დასაქმდებიან, როგორ განათლებას მიიღებენ.

„ეს არის მათი რეალური ინტერესები და რას უყურებენ? თქვენ და თქვენი ოპონენტები როგორ ეძახით ერთმანეთს გავრილოვს. აი, ეს არის მთელი პოლიტდისკურსი, რასაც ვთავაზობთ მომავალ თაობას და სამწუხაროა, რომ ამის იქით ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ წავიდა. თქვენ ხშირად გიყვართ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ხსენება და ხან ილიას ახსენებთ, ხან ნიკო ნოკოლაძეს. სინამდვილეში, ის რიტორიკა, რითიც ორი დღეა, გამოდიხართ, ნიშნავს, რომ ირჩევთ ნიკო ნიკოლაძის გზას კი არა, თენგიზ კიტოვანის გზას და იმ ჩემი მოგვარის, რომელიც წეღან ახსენეთ გამოსვლაში. როდესაც თქვენი წინამორბედი გახარია გადადგა და 200 000-ზე მეტი თქვენი მხარდამჭერი გამოეტირა, ამაზე მაინც დაფიქრდით, რატომ ჰქონდა ამ მოვლენას ადგილი, თორემ მისი ფოტო 20 ივნისსაც იდო, მაგრამ კაციშვილს არ დაულაიქებია „ფეისბუქზე“. იქნებ, იმიტომ მოხდა, რომ დაინახეს, ამ ადამიანმა არ გადადგა ნაბიჯი კონფრონტაციისკენ და იქნებ, ეს დააფასეს საბოლოო ჯამში. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მიუხედავად თქვენი ორდღიანი ასეთი გამოსვლისა, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე, არ ვიცი, იერიშის მიტანა, საბოლოო ჯამში ამას არ გააკეთებთ და თავს დააღწევთ კონფრონტაციისა და ზიზღის გზას. ეს გზა თქვენ, ბატონო ირაკლი დავით გარეჯამდე ნამდვილად არ მიგიყვანთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.