პოლიტიკა

ვინ უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს რეგიონის სტაბილურობას 

image
  • Google
  • 363
  • 3 კვირის წინ

მარტის ბოლოს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი გაიმართა. ეს ფორმატი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები  ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება. შეხვედრებს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო წარმომადგენლებიც ესწრებიან. ჟენევაში მხარეები უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ საკითხებს უნდა განიხილავდნენ, თუმცა რუსეთის ფედერაცია პლატფორმას ძირითადად ულტიმატუმების გასაჟღერებლად იყენებს. ბოლო რაუნდის შემდეგ გავრცელებული პრესრელიზიდან ირკვევა, რომ ჟენევაში რუსეთის და ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებმა ყურადღება თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობაზე გაამახვილეს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების მიღწევა ოფიციალურ თბილისსა და საოკუპაციო ძალებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე შეუძლებელია. მოსკოვის თქმით, დოკუმენტი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. ირონიულია, რომ თავად რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება არ აუღია. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოსა და მარიონეტ რეჟიმებს შორის ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტის გაფორმება ოკუპირებული რეგიონების „მხარეებად“ აღიარების პრეცედენტს ქმნის და კონფლიქტში რუსეთის წამყვანი როლის დაკნინებას ისახავს მიზნად. ამის შემდეგ კრემლი თბილისს სხვა იურიდიულ ხეშეკრულებებზე ხელის მოწერასაც მოსთხოვს, რაც არაღიარების პოლიტიკას სრულად ეწინააღმდეგება.  

რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრულ უპატივცემულობას, როდესაც ქვეყანას მოუწოდებს დე ფაქტო, რუსეთიდან მართულ  რეჟიმებს სამართლებრივი ენით ესაუბროს. კრემლი უფრო შორსაც მიდის და თბილისს დაძაბულობის შესამცირებლად ოკუპირებულ რეგიონებთან „საზღვრების“ დელიმიტაცია/დემარკაციის პროცესის დაწყებას ურჩევს. რუსეთი საზღვრების ურღვევობის პრინციპს უხეშად არღვევს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მსგავს მოთხოვნას უყენებს. საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი კავკასიონზე გადის. სხვა ყველაფერი კი, უბრალოდ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული ხელოვნური ბარიერებია. 

მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო წარმომადგენლებმა რუსეთის განცხადებები სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს. მაშინ, როდესაც აფხაზეთი საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაზე ღელავს, დე ფაქტო წარმომადგენლები მოსკოვთან „სამხედრო თანამშრომლობის“ გაგრძელების მზაობას ადასტურებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც არ უნდა ცდილობდეს მოსკოვი თავი კონსტრუქციულ ძალად წარმოაჩინოს, ის კონფლიქტის ინიციატორი და მთავარი მხარეა. სწორედ კრემლი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ აქვს განთავსებული სამხედრო და ფედერალური სამსახურის ბაზები, აგრძელებს მილიტარიზაციას, „ბორდერიზაციას“ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებას. 

რუსეთი აცხადებს, რომ „ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობა, მათ შორის, ნაკარნახევია ნატოს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში დაჩქარებული ინტეგრაციის გეგმის ჩათვლით“. ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე გაჟღერებული ამ განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ რუსეთი საზოგადოებაში  საომარი მოქმედებების განახლების შიშის დათესვას ცდილობს, რომ ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინოს. მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაზე პასუხისმგებლობას თბილისს აკისრებს, საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ბაზებს სულ ახლახანს მთიან ყარაბაღში 2000 „მშვიდობისმყოფელი“ დაემატა.  თუ რამე უქმნის საფრთხეს რეგიონში სტაბილურობას, სწორედ უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია და არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი. 

გიორგი ნემსაძე