ანალიტიკა

"ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, პასუხისმგებლობა მოდის მასზე, ვინც არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები"

image
  • Facebook
  • 180
  • 5 დღის წინ

"ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე აცხადებს, რომ საქართველოში კრიზისია, რომელსაც მოგვარება სჭირდება, ამაზე პასუხისმგებელი კი პირველ რიგში მმართველი გუნდია.

როგორც გობრონიძემ Front News International-ს ALDE-ს პრეზიდენტის ჰანს ვან ბაალენის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიმართვის კომენტირებისას განუცხადა, მსგავსი განცხადებები ქვეყანაში შექმნილი მრავალმხრივი კრიზისიდან გამომდინარე, ლოგიკურია.

"ასეთი რეაქცია დასავლელი აქტორებისგან მოსალოდნელი იყო, რადგან აქ, არა მხოლოდ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები და ევროპარლამენტის კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები იქნებიან ჩართულნ, არამედ, მოსალოდენელია, რომ ჩვენი სხვა პარტნიორებიც გააკეთებენ განცხადებებს. იქიდან გამომდინარე, რომ  ქვეყანა დღეს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას და არა მხოლოდ პოლიტიკური, პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკური გამოწვევების წინაშეც. გვაქვს სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით რეგიონში, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ვითარების ფონზე. ასეთ დროს, ყველაზე ნაკლებად რაც სჭირდება საქართველოს, მით უმეტეს საქართველოს დასავლეთის პარტნიორს, ესაა იმდაგვარი კრიზისები, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სახელმწიფოში სტრატეგიულ დონეზე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას. დღეს ჩვენ, რეალურად ამ მდგომარეობაში ვართ", - განაცხადა გობრონიძემ.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, მეორე, არანაკლებ საინტერესო და რთულ პროცესზე საუბრობს, რომელიც არსებულ მდგომარეობას თან ერთვის და ვითარებას ამწვავებს. 

"ესაა პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთის თანდათანობით გამოძევებას რეგიონიდან. ვგულისხმობ, იგივე ერდოღანის მიერ ინიცირებულ ე.წ ექვსეულის პროექტს, რომელიც რეალურად სამეულის პროექტია. ესაა ირანი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. გასაგებია, რომ მეორე სამეული რეალურად დაქვემდებარებული წევრებია ამ ფორმატში და საქმე გვაქვს ამ სამი რეგიონული ავტორის მხრიდან, რეგიონში გავლენის ზონებისა და გავლენის კონკრეტული არეალების (მათ შორის ეკონომიკურ ცხოვრებაში) განაწილების მცდელობასთან და ამ პირობებში, დასავლეთის ერთ-ერთ პლაცდარმად რეგიონში მოიაზრება სწორედ საქართველო. საქართველოს დასავლური ორბიტიდან საბოლოო გასვლით, რისი რისკებიც არსებობს, არა იმიტომ, რომ რომელიმე კონკრეტულ აქტორს რაღაც საიდუმლო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მოსკოვთან, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური ტურბულენტობა გვასუსტებს, რაც ჩვენს მოწინააღმდეგე ძალებს მისცემს იმის საშუალებას, კარგად ისარგებლონ ამ ყველაფრით. ამ ფონზე ასეთი მოწოდებები გაიზრდება. თუ არ დალაგდა ვითარება და არ გადაიჭრა იგივე მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი, იფუნქციონიროს ისე, რომ გაუმკლავდეს გარკვეულ გამოწვევებს, იმიტომ რომ ნებისმიერ გამოწვევაზე გამკლავების ზომა უნდა იყოს ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგი. ამ რეალობასთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ეს მოწოდებებიც", - აცხადებს გიორგი გობრონიძე.

მისივე თქმით, პოზიციას და ოპოზიციას, არც ერთ მხარეს დათმობა არ სურს, ქვეყანა კი მათ შორის დგას. 

"საქართველოში კრიზისია, რომელსაც მოგვარება სჭირდება, ამაზე პასუხისმგებელი კი, უპირველეს ყოვლისა მმართველი პოლიტიკური ელიტაა. ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს რომ შეხედოთ, თითქოს ორივე მხარე თამაშობს ე.წ ნულოვანი ჯამის თამაშს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთს, არაფრის დათმობა არ უნდა. თითქოს, თავიანთი პოზიციური სიმყარის მიღმა არ ადარდებთ სხვა რაღაცები. ეს სამწუხარო რეალობაა და წითელ ზოლად გასდევს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, სამწუხაროდ, კავკასიური ცარცის წრის რეალობაში ვცხოვრობთ, მზად ვართ გავგლიჯოთ ბავშვი, ოღონდ არ დავუთმოთ მეორეს. ამ შემთხვევაში, მთავარი რეალობა და პრობლემა ისაა, რომ  სადღაც ვიღაცამ რაღაც უნდა დაიწყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, პასუხისმგებლობა მოდის მასზე, ვინც არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, ანუ ხელისუფალზე. ლოგიკურია, რომ ნაბიჯებს - კეთილგონივრულს, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან ელოდებიან, როგორც პრემიერ-მინისტრისგან, ისე მმართველი პარტიისაგან", - განაცხადა გიორგი გობრონიძემ Front News International-თან.

ALDE-ს პრეზიდენტმა ჰანს ვან ბაალენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ღია წერილით მიმართა და ოპოზიციასთან დიალოგის გამართვისა და ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდა.

"პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა წინა პარასკევს, არის აშკარა დასტური იმისა, რომ საქართველოში პოსტსაარჩევნო კრიზისის პრაქტიკული მოგვარება ახლა უფრო გადაუდებელია, ვიდრე ოდესმე - შემდეგი ნაბიჯები საჭიროებს ჩართულობასა და გამოსვლას პოლიტიკური ჩიხიდან და არა შემდეგი სადამსჯელო ქმედებებს ოპოზიციის წევრების მისამართით. ვარ ლიბერალი და საქართველოს მხარდამჭერი. როგორც Liberal International-ის საპატიო პრეზიდენტი და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტი, ევროპის პარტიიდან შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ კონტინეტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო, სადაც ჟღერს განსხვავებული აზრი, ხოლო პოლიტიკური განსხვავებები პარლამენტში გვარდება და არა სასამართლოში ოპოზიციონერი ფიგურების დაუსაბუთებელი დაკავებით. 

ახლა არის დეესკალაციისა და დიალოგის დრო და არა შემდგომი ურთიერთბრალდებების. მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტამდე, მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და იმუშაონ ერთად, რომ დაინიშნოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ახალი არჩევნების თარიღი", - აღნიშნულია ჰანს ვან ბაალენის განცხადებაში