პოლიტიკა

"ვიმედოვნებ, ყველამ მიიღო ახალი რეალობა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა"

image
  • Facebook
  • 95
  • 1 თვის წინ

ევროპარლამენტის დეპუტატის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა. გერმანელი დიპლომატი ამ შეფასებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

ევროპარლამენტარის თქმით, ახლა ევროპას საქართველო სჭირდება როგორც მოთამაშე, აქტორი და არა ქვეყანა, რომელიც საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული, ამიტომ ის იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა გაიაზრებს მის წილ პასუხისმგებლობას.

"საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ამ რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. სულ ახლახან ჩვენ ვნახეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ამიტომ ახლა ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი და არა ქვეყანა, რომელიც ძირითადად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული.

ვიმედოვნებ, რომ ყველამ მიიღო ახალი რეალობა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა და ახლა მართლა მაქვს იმედი, რომ მთავრობა გაიაზრებს მის პასუხისმგებლობას და იმას, რომ ბოლო ქმედებებით წითელი ხაზები გადაკვეთა.

თუ თქვენ მართლაც გსურთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, მაშინ დროა შესაბამისად მოიქცეთ, ამაში იგულისხმება ის, რომ თავის ადგილზე იდგეს კანონის უზენაესობის პრინციპი და დემოკრატიზაციის პროცესი არ ფერხდებოდეს.

ოპოზიციამ კი უნდა აჩვენოს, რომ მათ აქვთ განზრახვა მიაღწიონ წარმატებას ამ პროცესში, რომ მათ ეს სურთ.

ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხალხის გარეთ გამოყვანა სურდა, ეს სულაც არაა ახლა ის, რაც ქვეყანას სჭირდება, საჭირო ისაა, რომ მათი მხრიდან დაისვას კითხვა: რა არის ჩვენი დღის წესრიგი, რა გვინდა მმართველი გუნდისგან, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და რა იქნება ჩვენი ნაბიჯი მშვიდობისთვის და არა ბოიკოტი, ბლოკირება, ან "ახალი არჩევნები ან არაფერი" პრინციპი – ასეთი რამ მიუღებელია.

პარლამენტშია საჭირო ხელსაწყოების გამოყენება. პრემიერისგან ველი, რომ გამოიყენებს ნაკლებად პოლარიზებულ და რადიკალურ რიტორიკას. ეს მის ინტერესშია, რათა ვითარება განმუხტონ", -  აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი "რუსთავი 2"-თან