პოლიტიკა

"ვაშინგტონში განხორციელდა ძალიან ღია გზავნილებით "ქართული ოცნების" გაფრთხილება, ამის გამო გადადგეს ეს ნაბიჯი"

image
  • Political party Lelo
  • 83
  • 3 კვირის წინ

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი Front News International-თან  კრისტიან დანიელსონის დოკუმენტეზე "ქართული ოცნების" ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ორ საკითხთან დაკავშირებით, რაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება, უნდა გაგრძელდეს მუშაობა მედიაციის ფარგლებში და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი მაგიდასთან, პოლიტიკური შეთანხმებით უნდა განიმუხტოს. 

"ცხადია, კარგია, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადმოდგა ნაბიჯი და მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. დანიელსონის მეორე შეხვედრის ფარგლებშივე, "ლელომ", ისევე  როგორც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, ვთქვით, რომ სამი პუნქტი მისაღები იყო და მოვაწერდით ხელს, მაგრამ "ქართული ოცნება" ამ სამ პუნქტსაც არ აწერდა ხელს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ თანხმობას "ოცნებისას" საფუძველი ჩაეყარა ვაშინგტონის ვიზიტის დროს. ნათელია, რომ ვაშინგტონში განხორციელდა ძალიან ღია გზავნილებით "ქართული ოცნების" გაფრთხილება, ამის გამო გადადგეს ეს ნაბიჯი. ეს არის ცალსახად, ოპოზიციის მიერ გაწეული მუშაობის და იმ პოზიციის შედეგი, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ხომ? სხვაგვარად გვახსოვს ჩვენ მათი სიჯიუტე, რომ არაფერზე არ მოდიოდნენ. 

"ლელოს" პოზიცია ასეთია: უნდა გაგრძელდეს მუშაობა დანიელსონის და მედიაციის ფორმატში ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ამ ეტაპზე არ არის ფართო პოლიტიკური შეთანხმება. ჩვენ ვართ კონტაქტზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისთვის, რომ გაგრძელდეს მისაღები ფართო პოლიტიკური კონსესუსის საგანი, ფორმულირება იმ ორი საკითხისა, რომელიც არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ვრჩებით იმ სულისკვეთებაზე, რა სულისკვეთებითაც თავიდანვე ჩავებით მედიაციის პროცესში, რომ ქვეყნისთვის ჯანსაღი გამოსავალი იქნება არსებული პოლიტიკური კრიზისის მაგიდასთან, პოლიტიკური შეთანხმებით განმუხტვა. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მაგიდასთან მოხდეს კრიზისის განმუხტვა. თვითმიზანი ცხადია ვერ იქნება ხელმოწერა დოკუმენტზე, ან პროცესის მიზანი უნდა იყოს  ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც კრიზისს განმუხტავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი მივიდეს კარგ, ჯანსაღ შედეგამდე. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, რადგან ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია შეთანხმება ქვეყნისთვის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ნაცვლიშვილი Front News International-თან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიერ ახალი პარტიის ჩამოყალიბების საკითხსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ გახარიას ოპოზიციონერობას საეჭვოდ უყურებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დანიშვნითი ოპოზიციონერობა არ არსებობს. 

"თვითონ უნდა დაამტკიცოს და აჩვენოს საქმით, თუმცა დასაწყისისთვის ძალიან საეჭვოდ გამოიყურება მისი ოპოზიციონერობა. უბრალოდ დავირქვი, რომ მინდა ოპოზიციაში ყოფნა, ასე ხომ არ არის? ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა არაერთ მაღალ თანამდებობას, ბოლოს პრემიერ-მინისტრისას. მის გუნდში წარმოდგენილი ადამიანებიც იყვნენ თანამდებობებზე სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციებზე. ის ძალიან ბევრი პრობლემა, თუ გამოწვევა, რომელიც ქვეყანამ დააგროვა ამ დროის განმავლობაში, ან დახვდა და ვერ გადაჭრა, პრემიერის პასუხისმგებლობა იყო ხომ? ამიტომ ახლა, უცებ შევიცვალე და საკუთარი თავის ოპოზიციაში მივდივარ, ასე არ ხდება. დანიშვნითი ოპოზიციონერობა არ არსებობს. ჯერჯერობით ჩვენ ვერ მოვისმინეთ რა ღირებულებითმა, რა მსოფლმხედველობრივმა საკითხებმა განაპირობა ამ ხალხის გამოყოფა, უბრალოდ თქვეს, რომ ჩვენ ვართ გახარიას გუნდი. ასე არ ხდება ოპოზიციაში გადასვლა. მრჩება განცდა, რომ ეს არის გარკვეულწილად ხელოვნურად წარმოებული პროცესი. 

გახარიას სახელს უკავშირდება ბევრი საკითხები, მათ შორის 20 ივნისის საქმე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება ოდესმე, რომ მას ბრძანება არ გაუცია, ის, რომ მან არ გასცა შეწყვეტის ბრძანება, ესეც სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იწვევს. ამასთან, ნამოხვანის პროექტი, რომელსაც მის დროს მოეწერა ხელი. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ შეიძლება დახურული კარის მიღმა გადაწყდეს და არ იყოს მასში ჩართული ადგილობრივი თემი და ფართო საზოგადოება, იმიტომ რომ ამ ხელშეკრულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდა და ასე, დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. უშუალოდ გახარიას პერიოდს უკავშირდება ანაკლიის პროექტის ჩაგდებაც, ამაზეც ბევრი კითხვაა და პასუხი უნდა გაეცეს. სხვათა შორის, გელათის რესტავრაციის, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ფაზა, გახარიას პრემიერობის დროს მიმდინარეობდა. ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრემიერი ყოველდღიურად მოიკითხავდა ამ ამბავს, ამისთვის არსებობს დარგობრივი სამინისტროები და შესაბამისი უწყებები, მაგრამ როდესაც ამ მნიშვნელობის კულტურის ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობს, როგორ არც ერთხელ, პრემიერი არ დაინტერესდა ამ საკითხით? როცა მედიაში ყოველდღიურად იდებოდა ინფორმაცია როგორ ირეცხება გელათი, არ ჩათვალა საჭიროდ ერთხელ მაინც, თავისი თვალით ენახა? ძალიან ბევრი პრობლემააა დაგროვილი გახარიას ირგვლივ და ახლა ასე უცებ თქვას, რომ მე გადავწყვიტე ოპოზიციაში წასვლა, თანაც ამ საკითხებზე ღიად დღესაც არ ლაპარაკობს, რომ შემეშალა კი არა, დავაშავე, ეს არის პრობლემა. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური კულტურა დამკვიდრდა ასეთი, რომ წასულს, შეცდომებისა და დანაშაულისთვის, არაფერი არ მოეკითხება, მაგრამ ჩვენ მეხსიერება გვაქვს. ამასთან, თუ დღესაც ვერ თანხმდება გახარია იმაზე, რომ პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არ უნდა არსებობდეს, მაშინ რა ოპოზიციაა? "-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა Front News International-თან.