Covid-19

"ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაიწია ამ პროცესმა ერთი ან ორი კვირით"

image
  • Press Office
  • 56
  • 4 დღის წინ

იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ყველა შეთანხმება მკაცრად დროში ვერ სრულდება და ოდნავ გადაიწია ამ პროცესმა. გადაიწია ერთი ან ორი კვირით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

"არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის არის ერთი კვირა. სამაგიეროდ, არის კარგი ამბები, რომ სხვადასხვა წყაროებიდან მოხდება ვაქცინის მოწოდება. გარდა კოვაქსპლატფორმისა, უკვე გაფორმებულია ორმხრივი ხელშეკრულებები, მაგალითად „ასტრაზენეკას“ კომპანიასთან 150 000-ის შემოტანაზე, რომელმაც შეიძლება დაასწროს „კოვაქსის“ „ფაიზერის“ შემოტანას ან ერთდროულად შემოვიდეს მარტის პირველ რიცხვებში. გამოდის ასპარეზზე ახალი მწარმოებელი ფირმები, „ნოვოვაქსი“, „ჯონსონჯონსონი“ და სხვები. ყველაფერი ეს ისახავს ძალიან კარგ პერსპექტივას საქართველოსთვის. მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი იქნება პანდემიასთან საბრძოლველად, რადგან თუ ჩვენ შევძლებთ 60 პროცენტის აცრას, ეს არის დაახლოებით მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი, ამას დაემატება ის 15 პროცენტი, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. მთელი რიგი გათვლებით, ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციებით, დადგენილია, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტი გვყავს იმუნური ფენა, მაშინ იქ პანდემია საფრთხეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის გეგმა ძალიან კარგად არის გაწერილი.

„შერჩეულია ის სამედიცინო პუნქტები, სადაც ვაქცინაცია მოხდება. იმ პერსონალმა, ვინც უნდა ჩაატაროს ვაქცინაცია, გაიარა ყველანაირი ტრეინინგი. ყველაფერი გამართულია იდეალურად. პირველ რიგში აიცრებიან მედიცინის მუშაკები, შემდეგ ხანდაზმულები და შემდეგ თანმხლები დაავადებების მქონე პირები და სხვა. ივნისის მერე კი მასობრივ ვაქცინაციაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა ცერცვაძემ.