ინტერვიუ

"ერთადერთი, რაც შეუძლიათ, ჩაქოლონ ყველა, ვინც მათზე უფრო პერსპექტიული გამოჩნდება"

image
  • Google
  • 170
  • 2 კვირის წინ

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების, მასშტაბური გაფიცვებისა და აქციების შესახებ Front News International-თან ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. 

- რისი მანიშნებელია ერთდროულად თითქმის ყველა ქალაქში მიმდინარე გაფიცვები და აქციები, როგორ რეაგირებას აღნიშნულზე ხელისუფლება და ოპოზიცია? 

- გაფიცვები, აქციები - ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს შია, წყურია და უმუშევარია. ბუნებრივია, როდესაც ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ვარდება, უჩნდება პროტესტი და ეს პროტესტი იღებს მერე გარკვეულ ფორმას. ეს კანონზომიერია, ყველგან ასე ხდება, საქართველოშიც სამწუხაროდ, ასეთი მძიმე სიტუაციაა. საერთოდ, პოლიტიკური ოპოზიციის ფუნქციაა, ამ პროტესტის გახმოვანება, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია აგრეთვე დაშორებულია ხალხს ისე, როგორც ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ხალხი თვითონ ცდილობს, მიაწვდინოს ხელისუფალს ხმა. ეს იქნება თბილისში, ტყიბულში, ბორჯომში, ქუთაისში, თუ სხვაგან. ასეთი სამწუხარო ვითარება გვაქვს და როგორც ყოველთვის, ამ ხელისუფლებას ერთადერთი რეაქცია აქვს, რომ წაუყრუოს. სპეცსამსახურები ამუშაოს, დისკრედიტაცია მოახდინოს და მერე კუნთებით მოერიოს. სამწუხაროდ, მეტი რეაქცია ხელისუფალს არ აქვს, იმიტომ რომ პრობლემების გადაწყვეტის თავი არ აქვს, იცის და ცდილობს ძალით ჩაახშოს და ასე მიხედოს ყველაფერს. 

სოციალური აფეთქება, სოციალური ბუნტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც არასდროს არ იქნება. არსებობს კრიტიკული ზღვარი, რომლის იქითაც უკვე ეს ხდება რეალობა. ეს არის უკვე ფსკერი, ამაზე ქვემოთ ქვეყანა აღარ შეიძლება დაეცეს. როდესაც ადამიანს ჰყავს შვილები, ოჯახი და ლუკმა-პური არა აქვს, ის ბუნებრივია ხდება აგრესიული და ეს აგრესია საბოლოო ჯამში მიემართება ხელისუფლებას. 

- რას ფიქრობთ ნამოხვანჰესის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და იმ ადამიანების შესახებ (რიონის ხეობის მცველები), რომლებიც ხეობაში 200 დღეზე მეტია, პროტესტს გამოთქვამდნენ. 

- ხელისუფლებას აქვს უზარმაზარი რესურსი (სპეცრესურებიდან დაწყებული და ა.შ), რომ მოერიოს  ამ ადამიანების გულწრფელ გულისტკივილს. ის კი არა, რომ დიალოგი აწარმოოს და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ნახოს, არამედ უბრალოდ მოერიოს, იმიტომ რომ სხვანაირად არ იცის მოქმედება. რაც ყველაზე ცუდია, ოპოზიციაც, რომელიც უნდა სვამდეს იგივე კითხვებს, რაც ამ ხალხს აქვს, იგივე პროექტის საფრთხეებთან დაკავშირებით (ეს საფრთხეები რეალურია), იგივე კორუფციულ ელემენტებთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად შურით და ბოღმით არიან სავსეები, რომ ვიღაც ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. კონკურენტს ხედავენ გოლეთიანში უფრო, ვიდრე ხალხის ხმას. ნაცვლად იმისა, რომ ეცადონ ეს პრობლემები გულთან მიიტანონ, ჩაიხედონ პრობლემებში და დასვან იგივე კითხვები, ებრძვიან მას. ფაქტობრივად, უნიკალური ვითარება მივიღეთ, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანად ებრძვიან ვარლამ გოლეთიანს. დაბრალება ძალიან ადვილია, ზოგი დაუძახებს, რომ რუსეთი დგას ამის უკან, ყველა ფიქრობს დისკრედიტაციაზე. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ნეგატიური  გზავნილია პოლიტიკური ელიტის მხრიდან. თვითონ არაფერი შეუძლიათ და ერთადერთი რაც შეუძლიათ ჩაქოლონ ყველა, ვინც მათზე უფრო პერსპექტიული გამოჩნდება. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენი საზოგადოება ამ ბოღმის, შურის და აგრესიის ჭაობშია ჩაძირული დიდი ხანია. 

 - რას ფიქრობთ უკრაინაში ნიკა მელიას ვიზიტის შესახებ და ჭიანურდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხი.

- რეალურად მათთვის პრობლემატურია ეს თემა. რატომ? - იმიტომ რომ მათი ელექტორატი, რაზეც ბუნებრივია, ყველა პარტია ფიქრობს, გაყოფილია ორ ნაწილად, აზრთა სხვადასხვაობაა. იქ არის კონსერვატული ნაწილი, რომელიც წინააღმდეგია შესვლის და ამიტომ, ნიკა მელია ჩემი აზრით, ერთი მხრივ, ცუდია, რომ ასე აგვიანებს პასუხს, მაგრამ მეორე მხრივ, სწორად იქცევა. ისიც სწორი იყო, რომ სააკაშვილთან ჩავიდა. ახლა ცდილობს, რომ ნაკლები ზიანით მიიღოს გადაწყვეტილება. მუშაობს ხალხთან. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება არა საუკეთესო, მაგრამ ამ ვითარებაში სწორი საქციელია, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილებას არ იღებს. 

- რა მოლოდინები გაქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან? როგორ შეძლებს ოპოზიცია ხელისუფლების დამარცხებას? 

- ოპოზიცია არც უნდა იყოს ერთიანი. ყველას თავის პარტია აქვს და თავის საქმეს მიხედოს. თუ რაღაც დონის კოორდინაციას შეინარჩუნებენ, ცალ-ცალკე იმოქმედებენ, მაგრამ კოორდინირებულები იქნებიან, ითანამშრომლებენ, თუნდაც იმ კუთხით, რომ ხელისუფლებას არ მისცენ სერიოზული დარღვევების საშუალება არჩევნებში, მე ვფიქრობ, რომ ეს სასურველი იქნება. და ის, რომ ერთიანი ფრონტით, ერთიანი კანდიდატებით გამოვიდნენ, ეს არამგონია სწორი იყოს, იმიტომ რომ ეს აბსურდია, მაშინ ერთი პარტია იყოს. 

ძალიან ამღვრეულია წყალი. ჯერ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ ხომ? ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ჩვენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ბაზარზე. ასე რომ, ჯერ ძალიან ბუნდოვანია სიტუაცია. 

- როგორ შეაფასებდით "ქართული ოცნების" შიდაპარტიულ ვითარებას?

- "ქართული ოცნება" ხომ ერთი კაცის პარტიაა. დანარჩენი, ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის. ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ესენი, ახლა ვინც არიან, ყველა გაუშვას და ქუჩიდან აკრიფოს ხალხი. არაფერი ამით არ შეიცვლება. ეს ხომ პატარა ადამიანები არიან. პოლიტიკოსი რასაც ქვია, არავინ არ არის. ვინ წავა, ვინ მოვა - სანამ თვითონ სისტემური ცვლილებები არ მოხდება, რაღაც შიდაპარტიული დემოკრატია არ გაჩნდება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- როგორ შეაფასებდით ქართულ პოლიტიკურ ველზე გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის გამოჩენას?

ვნახოთ, ჯერ შემოვიდეს პოლიტიკურ სივრცეში გახარია, გაჩნდეს პოლიტიკურ ველზე და მერე ვილაპარაკოთ, ჯერ ნაადრევია. 

ვასაძეს რაც შეეხება, არსებობს ამ განწყობის სეგმენტი ქართულ ამომრჩეველში და ვასაძე აკეთებს შესაბამის შეთავაზებას. მას თავისი ადგილი ექნება, ჩვენ მოგვწონს თუ არა, თავის ადგილს ის დაიკავებს ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში. მე არამგონია, რომ ეს იყოს დიდი სეგმენტი, მაგრამ არსებობს ხომ? ისიც გააჩნია, როგორი კამპანია ექნება და რამდენად სწორად იმოქმედებს.