შემთხვევა

დავით გარეჯში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ

image
  • Broadcaster company Mtavari TV
  • 110
  • 4 დღის წინ

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გადამღები ჯგუფი, დავით გარეჯში ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და "შაბათის მთავარის" სიუჟეტზე მუშაობდა.

როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნინუცა კეკელია ყვება, სასულიერო პირების გაღიზიანება დავით გარეჯში ივერი მელაშვილის მისვლამ გამოიწვია. სასულიერო პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და აგრესიით გამოირჩეოდნენ. მათ დააზიანეს "მთავარი არხის" კამერა, ფიზიკურად გაუსწორდნენ გადამღებ ჯგუფს.

გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, ადგილზე იყო სასაზღვრო პოლიციაც, რომელსაც არაფერი მოუმოქმედებია.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დავით გარეჯში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს. 

"დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ჩვენს გადამღებ ჯგუფს და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ მთვრალი სასულიერო პირები და გამგებლის მიერ მობილიზებული ზონდერები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, დააზიანეს აპარატურა და აგინეს უშვერი სიტყვებით.

კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პირების გამოვლენას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო", - წერს გვარამია.