საზოგადოება

ბორჯომში, სოფელ ვარდგინეთში არქეოლოგიური გათხრების ჩატარება სურთ

image
  • Front News International
  • 878
  • 1 თვის წინ

ბორჯომში, სოფელ ვარდგინეთში არქეოლოგიური გათხრების ჩატარება სურთ. ადგილობრივი ნინო გელაშვილი აცხადებს, რომ სოფელში მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მახლობლად ნანგრევებია, სადაც დიდი ხნის წინ ბერები ცხოვრობდნენ.

მისივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე, ცოტა მოშორებით ე.წ სათოფურები და ჭურებიც შეინიშნება. იქ არსებული ნანგრევები გარშემორტყმულია გალავნით და მოყვანილობით ციხეს ჰგავს. 

"ბორჯომში, სოფელ ვარდგინეთში გვაქვს წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც წითელ წიგნშიცაა შეტანილი. უძველესი რომაა და ძალიან ძლიერი სალოცავი, ამაზე აღარაფერს ვამბობ. საინტერესო ისაა, რომ ამ ტაძრის გვერდით არის ნანგრევები, სადაც ჯერ კიდევ ჩანს თაღები და ოთახების მოყვანილობა. ამ სოფლის ასაკოვანმა მცხოვრებლებმა გადმოცემით იციან, რომ დიდი ხნის წინ აქ ბერები ცხოვრობდნენ.

გეტყვით იმასაც რომ, ამავე ტერიტორიაზე, ცოტა მოშორებით (სასაფლაოსთან ახლოს) არის ნანგრევები, რომელიც მოყვანილობით ციხეს ჰგავს. გარშემორტყმულია გალავნით, შეინიშნება ე.წ სათოფურები და ჭურებიც. ეს ჭურები იმდენად დიდი ზომისაა, რომ წლების წინ მსხვილი რქოსანი პირუტყვი ჩავარდა, რომელსაც სამი დღე ეძებდნენ და საკმაოდ დიდი სიღრმიდან ამოიყვანეს უვნებელი. აქვე, წლების წინ, უნახავთ ბარძაყისა და ქვედა ყბის ძვლები, რომლებიც გაცილებით აღემატებოდა ჩვეულებრივი ადამიანების ძვლების ზომას (სავარაუდოდ, გოლიათ ადამიანზე გვაქვს საუბარი). მითხრეს ისიც, რომ ეს გალავანი კილომეტრობითაა ნაშენები, ისე რომ სამ სოფელზე გადის. ამიტომ, იქნებ დაინტერესდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, გაეცნონ  ამ ადგილს და ჩატარდეს არქეოლოგიური გათხრები", - აცხადებს ნინო გელაშვილი Front News International-თან. 

მისივე თქმით, თუკი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას შეისწავლიან, შესაძლოა, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას საინტერესო მასალები შეემატოს.

თვითონ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ მწირი მასალებია დაცული, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც ვკითხულობთ, რომ: "ესაა გვიანი შუასაუკუნეების ძეგლი. ეკლესია დარბაზულია, ნაშენია მომწვანო ფერის, სხვადასხვა ზომის ქვებით. ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული თაღია, ცენტრში სარკმელით, სარკმლის ზედა ნახევრის დონეზე კედელი მორღვეულია, ცენტრში ტრაპეზის ქვაა. ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთის ფასადია შემორჩენილი, დანარჩენი დაფარულია ფერდობიდან მოზღვავებული მიწით".