პოლიტიკა

"ადგილობრივები ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე, ეს არის ბრძოლის მიზანი, უნდა წამოვწიოთ ეს საკითხი"

image
  • twitter
  • 258
  • 2 დღის წინ

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა არასდროს აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.

როგორც გიტანას ნაუსედამ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე გაცნობოდა ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

"მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ვთქვა, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი საკითხი იყო, მენახა როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორია ჰუმანიტარული მდგომარეობა აქ. სამწუხაროდ, მე ვნახე დანგრეული ცხოვრება ზოგიერთი პოლიტიკოსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მოახდინოს რა დამოუკიდებელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მე ვნახე, რომ ადამიანები მოკლებული არიან ბევრ შესაძლებლობას, ზოგიერთ მათგანს არ აქვს შესაძლებლობა, პენსია მიიღოს, მოკლებულია წყალმომარაგებას და შეზღუდულია განათლებაზე წვდომა.

ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო – რაზე ოცნებობთ? იცით, რა იყო პასუხი? ისინი ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე, მათ სახლებზე. ეს არის ბრძოლის მიზანი, ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობის გაჩენისთვის ბრძოლა, რომ აუხდეთ ოცნება, სახლში დაბრუნების ოცნება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, კონფერენციებზე და ღონისძიებებზე.

ეს საკითხი გადაჭრილი არ არის და ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა შევცვალოთ მდგომარეობა და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის იყო საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის პრონციპებისა და ღირებულებების მხარდამჭერი“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.