"18 ივლისს, 12:13 საათზე ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, რომელიც ბოლო ლოკაციაა, სადაც აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი"
loader

Breaking news

"18 ივლისს, 12:13 საათზე ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, რომელიც ბოლო ლოკაციაა, სადაც აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი"

  • 18 ივლისს 1213 საათზე ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე რომელიც ბოლო ლოკაციაა სადაც აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი

თბილისი: 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე, 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline’’-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით. თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google“-ის ანგარიშის „timeline“-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google“-ის ანგარიშზე.

გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google“-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია “your timeline”-„თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.

10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი.

10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე.

"Timeline’’- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს  სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline’’-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით.

ასევე გაგაცნობთ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT” მიერ.

დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის სარბენი ბილიკის კონფიგურაცია  მთლიანად  შესაბამისობაში მოდის ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ზედაპირზე არსებულ ნახატის კონფიგურაციასთან, როგორც ვიზუალური, ასევე - ტექნიკური თვალსაზრისით. ექსპერტიზას დაესვა კითხვა თუ როგორ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე გადაადგილება და ხომ არ მოხდა ავტომანქანის ბუქსირით გათრევა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ „HYUNDAI ACCENT”-ის მიერ დატოვებული ორი  ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და რომ  მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა", - განაცხადა პროკურორმა.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე