7-18 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ გაიმართება
loader

Breaking news

7-18 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ გაიმართება

  • 7-18 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2020 გაიმართება

თბილისი: 7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020) გაიმართება. სწავლება, ოფიციალურად, ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე 7 სექტემბერს გაიხსნება. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო წვრთნის ოფიციალურ გახსნამდე, 1 სექტემბერს ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 საფრენი აპარატებით აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის მიერ გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერის ოპერაცია - ძალების დესანტირება განხორციელდება.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

წელს მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

„ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ ფარგლებში დაგეგმილია 3 მედიადღე:

1 სექტემბერი - გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერის ოპერაცია - ძალების დესანტირება;

7 სექტემბერი - საერთაშორისო წვრთნების ოფიციალური გახსნა;

18 სექტემბერი - სწავლების დახურვა საჩვენებელი წვრთნით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე