"მაინტერესებს, გახარიას რა რეაქცია ექნება, მინდა, თვალებში ჩავხედო და მისგან მოვისმინო, რომ დასახელებული იქნება ის სამი ჩინოსანი"
loader

Breaking news

"მაინტერესებს, გახარიას რა რეაქცია ექნება, მინდა, თვალებში ჩავხედო და მისგან მოვისმინო, რომ დასახელებული იქნება ის სამი ჩინოსანი"

  • მაინტერესებს გახარიას რა რეაქცია ექნება მინდა თვალებში ჩავხედო და მისგან მოვისმინო რომ დასახელებული იქნება ის სამი ჩინოსანი

თბილისი: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. 

გარდაცვლილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მათ უამრავი კითხვა აქვთ საქმესთან დაკავშირებით და სურთ, პრემიერისგან მოისმინონ, რომ საქმე გამოძიებული იქნება.

"სამწუხაროდ, გუშინ გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით, პასუხები ვერ მივიღე შეხვედრაზე და ამიტომ ეს პასუხები მინდა, გიორგი გახარიასგან მივიღო. საგამოძიებო უწყებაში გვითხრეს, რომ მასე შეიძლება, ბევრი რამე თქვანო და ვერ მივყვებით მაგ საკითხსო. უფრო მუშაობენ სამსახურის ხაზით, ამბობენ, რომ არ ჰქონდა კომფორტი. მაგრამ რა შუაშია ეს. მე განვაცხადე, რომ ეს ჩვეულებრივი მოკვდავის ჩადენილი მკვლელობა რომ ყოფილიყო, აქამდე გამოძიებული იქნებოდა. გამოძიება ითხოვს დროს. ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ გადაეცათ დამატებით მასალები. 

დამატებითი კამერები აღმოჩნდა, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ იმ კამერების ნახვას. საკალმახე „ადმირალთან“ არის. ეს ადვოკატმა ნახა და მან შესათავაზა. მაინტერესებს, გახარიას რა რეაქცია ექნება. მინდა, რომ თვალებში ჩავხედო და მისგან მოვისმინო, რომ გამოძიებული იქნება ეს საქმე წესის და რიგის მიხედვით და დასახელებული იქნება ის სამი ჩინოსანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა. ოთხშაბათს დაგვიბარეს. გამომძიებლები ამბობენ, რომ ჩვენ გადმოგვეცა მასალები თეთრიწყაროდან და ჯერ ვეცნობითო. მე ისიც გავაჟღერე, რომ მანქანაზე თუ არ აღმოჩნდა სხვა პირის კვალი, გამიმყარებს ვარაუდს, რომ ნამდვილად არის წაშლილი კვალი“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ტელეკომპანია "ფორმულამ" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილით, 10:15 წუთზე დაურეკეს, ზარი „ვოთსაფის“ საშუალებით განხორციელდა და მას კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს.

ზარის ავტორს თამარი იცნობდა, რადგან იმ თემაზე, რაზეც შეეხმიანნენ, საუბარი ჰქონდათ გასული დღეების განმავლობაშიც. „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც თამარ ბაჩალიაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე.

რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა. 

"შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.

მისივე ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დეენემი.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე