"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს"
loader

Breaking news

"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს"

  • სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს

თბილისი: ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თმით, არსენ ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ საქართველოს კორონავირუსის სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა. ცერცვაძეს მიაჩნია, რომ მეზობელი ქვეყნის მინისტრმა საქართველოს მიმართ რიგი არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი მოსაზრებები გამოთქვა.

"არ გვგონია, რომ ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით (მათ შორის თავად Arminfo-ს მონაცემებით) ა.წ. 22 მაისის მდგომარეობით საქართველოში არის COVID-19-ის 728 დადასტურებული შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 12, ხოლო სომხეთში არის COVID-19-ის 6302 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 77 გარდაიცვალა. ამ ფონზე სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია“, - აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, საქართველოში ტესტირების ჩატარება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ხდება, რაშიც დიდი წვლილი ლუგარის ლაბორატორიას მიუძღვის. ამიტომ ბატონმა ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

"რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს. რაც შეეხება ბ-ნი ტოროსიანის კითხვებს, განვმარტავთ, რომ საქართველოში ფუქნციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს“, - ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა ხდება მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით (სულ სადღეისოდ შესრულებულია 45 707 პირის PCR კვლევა), ხოლო ანტისხეულებზე სწრაფ ტესტებს მხოლოდ, როგორც დამატებით კვლევას SARS-CoV-2-ზე სეროპოზიტიური პირების (და არა ავადმყოფების) გამოსავლენად. ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლის და ალგორითმის მიხედვით, PCR კვლევას ექვემდებარება ყველა პირი, ვინც შეესაბამება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის განმარტებას, მათ შორის, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე (მათ შორის მსუბუქი სიმპტომებით), პირები მაღალი რისკის ზონებიდან, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, პირები დადასტურებული შემთხვევების კლასტერებიდან, ყველა ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტი ცხელებით და ნებისმიერი ეტიოლოგიის პნევმონიით. ბუნებრივია, სტატისტიკურ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ და COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართული სამედიცინო სისტემა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კორონავირუსთან გამკლავებისთვის მაღალ შეფასებას იღებს და ქვეყნის პროტოკოლის ეფექტიანობაში დასარწმუნებლად სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში დაპატიჟა.

"საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის. ჩვენ ვეპატიჟებით ბ-ნ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში“, - აღნიშნულია  ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებაში.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე