საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს
loader

Breaking news

საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

  • საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

კიევი: საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ, ორი ხელშეკრულება გაფორმდა.

აღნიშნული შეთანხმებებით 70 მილიონი ევრო გათვალისწინებულია სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად, მათ შორის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 120 მილიონი ევრო კი – მიიმართება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისკენ.

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა გაელლე ასაიაჟმა და საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

სოციალური დაცვის სამწლიანი პროგრამის (2018-2020) მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფინანსური და ტექნიკური დახმარება:

• სოციალური დაცვისა და სოლიდარობის სისტემის გაძლიერება დაუცველი მოსახლეობის სასარგებლოდ;

• ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და COVID19 პანდემიის ჯანმრთელობის რეაგირების გეგმის მხარდაჭერა;

• იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების სისტემის ადაპტირება, იმგვარად რომ მოხდეს ყველაზე დაუცველი მოსახლეობის საჭიროებების უკეთესად დაკმაყოფილება.

საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, მეორე პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და KfW განვითარების ბანკის მიერ და  მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით, მიზნად ისახავს საქართველოსთვის ელექტროენერგიის სექტორის რეფორმების მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:

• მარეგულირებელი წესდების განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას;

•  ელექტროენერგიის ბაზრის ევროკავშირში მოქმედი მოდელის მიხედვით ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ახალი შესაძლებლობების ინტეგრაციას;

• მოწყვლადი მომხმარებლების დახმარება, როგორც COVID19-ის კრიზისის დროს სპეციფიკური სოციალური დახმარების  სისტემის შექმნით, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირების ნაწილში.

"საფრანგეთი, ისევე როგორც მისი მთავარი ევროპელი პარტნიორები და, განსაკუთრებით, ჩვენი გერმანელი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ჩვენ შევადგენთ ”ევროპის გუნდს”, საქართველოს გვერდით დგას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც მოკლევადიან პერიოდში ჯანდაცვის სფეროში, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, განსაკუთრებით ეკონომიკური გაჯანსაღების დროს. პრეზიდენტებს, ბატონ მაკრონსა და ქალბატონ ზურაბიშვილს, შორის ურთიერთდახმარებისა და მეგობრობის მესიჯების გაცვლა,  დღეს, მატერიალიზდება საფრანგეთისგან უპრეცედენტო ფინანსური დახმარებით, რაც ხაზს უსვამს ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას. ეს გვიჩვენებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერეს, რომელიც თავადი ამილახვარის სახელს ატარებს”, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური სააგენტოს დირექტორი გაელ ასაიაგი აცხადებს, რომ ”საფრანგეთის განვითარების სააგენტო სრულად არის მობილიზებული საქართველოში, რათა დაეხმაროს ქვეყანას COVID19-ის პანდემიით გამოწვეულ ჯანმრთელობის, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისთან ბრძოლაში.

"დაფინანსების გარდა, რამაც მთავრობას შესაძლებლობა მისცა სწრაფად აემოქმედებინა კრიზისის რეაგირების გეგმა, ეს პროგრამები ძირითადი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და ენერგეტიკის სექტორის ეფექტიანობის გაძლიერებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მთელი მოსახლეობის სასარგებლოდ და განსაკუთრებით კი დაუცველი მოსახლეობისთვის", - განაცხადა გაელ ასაიაგიმ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე