"ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას"
loader

Breaking news

"ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას"

  • ნუ გამოვცდით უფალს მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას

თბილისი: ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას. იმის შიშით, რომ რომელიმე თქვენგანი ვერ გაგვიგებს და შესაძლოა, ჩვენს განკითხვაშიც ჩავარდეს, გვიჯობს ახლა განგვიკითხონ (თუნდაც უკიდურესად მწვავედაც კი!), ვიდრე შემდეგ მოგვიწიოს ჩვენი არასაკმარისი გონიერების გამო მიღებული მძიმე შედეგების (გად)ატანა, - ამის შესახებ  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლისადმი მიმართვაში აცხადებს.

"მამობრივი შეგონებით გთხოვთ, განერიდეთ მავნე თვითდაჯერებულობას, რათა მაღალი ქრისტიანული შეგნებით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დავეხმაროთ ერთმანეთს იმ პირობების შექმნასა და აღსრულებაში, რაც ქრისტიანული კაცთმოყვარებით არის ნაკარნახები და არა ქრისტეს მიმართ ღალატით.

2020 წლის 20 მარტის წმიდა სინოდის დადგენილებით შეფასდა მიმდინარე მოვლენები და რეკომენდაციები მიეცა მრევლს, რაც სავალდებულოა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, თუმცა მდგომარეობა ყოველდღე იცვლება და, შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ეპარქიები საქართველოსა და უცხოეთში მოქმედებენ ადგილობრივ გარემოებათა მიხედვით და მრევლისთვის ადგენენ ქცევის დროებით წესებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოგმართავთ ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს, ჩვენს სამწყსოს:

1. მრევლის ყველა წევრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დადგენილ მოთხოვნებს; მათ შორის:

- განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, მოერიდოს ზედმეტად სახლიდან გასვლას;

- ადამიანებთან ურთიერთობისას დაიცვას ე.წ. სოციალური დისტანცია მათ შორის ეკლესიაში ყოფნისას (ტაძარში და ტაძრის ეზოში). 

2. ტაძრად მისული მრევლი ლოცვას მოისმენს ტაძრის ეზოში, სადაც არის გახმოვანება; კარგი ამინდის შემთხვევაში, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ ჩატარდეს მსახურება, განსაკუთრებით კი იქ, სადაც მცირე ზომის ეკლესიებია და სივრცე ძნელად ნიავდება. 

3. საღმრთო ლიტურგიისას ტაძარში იქნებიან სასულიერო პირები, მგალობლები, იპოდიაკვნები (ე.წ. სტიქაროსნები), ტაძრის მსახურნი (მესანთლე, დამლაგებელი) და შშმ პირები;

4. ე.წ. რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს ვურჩევთ დარჩნენ სახლებში, ხატის წინ დაანთონ კანდელი (სანთელი) და ტაძარში მიმდინარე საღმრთო ლიტურგიის თანადროულად (პარალელურად) აღავლინონ ლოცვები თავის საცხოვრებელ გარემოში.

5. მოხუცებს, ავადმყოფებს, უძლურებაში მყოფთ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მოძღვარი მოიწვიონ სახლში", - აღნიშნულია მეუფე გრიგოლის მიმართვაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე