"საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია"
loader

Breaking news

"საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია"

  • საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე ყოვლად მიუღებელია

თბილისი: საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია, – აღნიშნულია სინოდის განჩინებაში, რომელიც დღევანდელი სხდომის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საქართველოს საპატრიარქოში წაიკითხა. 

"წმინდა სინოდის სხდომის დადგენილებას გაგაცნობთ, ილია მეორემ სხდომაზე ისაუბრა კორონავირუსზე, მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება და ის, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ სათანადო ზომები მიიღო, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა. მან დასძინა, რომ ჩვენზე არის ძირითადი პასუხისმგებლობა, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება. 

წმინდა სინოდის სხდომის მდივნად, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აირჩიეს. კათოლიკოს პატრიარქმა საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობისაკენ მღვდელმთავრებს მოუწოდა და სიტყვა გადასცა კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს. 

მან არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განსახილველად ტექსტი წარმოადგინა. მან რამდენიმე მღვდელმთავარის შემოთავაზებული ტექსტების შესახებაც მოახსენა წმინდა სინოდს. მეორე ტექსტი წარმოადგინა ახალქალაქის კუბორდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მესამე ტექსტი წაიკითხა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტიმა, გრიგოლმა. მეოთხე გირისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ. ტექსტების მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა.

წმინდა სინოდმა განაჩინა: დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები. მთავარი მიზეზი კი თანამდროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, თა უფრო მეტად შეიცნონ საკუთარი თავი. სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნების ფიზიკურ და სულიერ ცხოვრებას. ჩვენ, ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლებით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს.

ასეთ დროს მორწმუნეები და განსაკუთრებით კი, წმინდა დიდი მარხვის პერიოდში აძლიერებენ მარხვას და ლოცვას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განავრცობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი, ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება, ამიტომაც ეკლესიის წევრებისთვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს: 

1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით. 

2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეში შეძლოს ლოცვაზე დასწრება. 

3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის – წყლიანი ღვინო, მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით. 

4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება, ასევე სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები; 

5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით.

წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება.  ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ავირიდებთ, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი. არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი. 

ვიდრე ქვეყნაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები. საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემულეებზე. საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები. 

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე – სტიქიური უბედურება, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემიები, ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ერთად, ერი და ბერი გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთისყვარულით შევეგეგებებით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – აღნიშნულია სინოდის განჩინებაში.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე