"როდესაც დავასრულებთ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს"
loader

Breaking news

"როდესაც დავასრულებთ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს"

  • როდესაც დავასრულებთ პროექტის განხორციელებას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს

თბილისი: თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაზე, ასევე, ქალაქში მიკროავტობუსების ჩანაცვლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი ავტობუსების შესყიდვის პროცესი გრძელდება და მომავალი წლის ბოლომდე, არსებული ავტოპარკი სრულად ჩანაცვლდება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შედეგების წარმოდგენა სთხოვა.

ვიცე-მერის განმარტებით, მიკროავტობუსების კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება, ერთი კვირის შემდეგ კი სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების გეგმას წარმოადგენს. მისივე თქმით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

"ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა კომპანიასთან და ერთი კვირაა მხოლოდ მათ პრობლემებს ვისმენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ის რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სამწუხაროდ, ჩვენამდე, მერიის არცერთმა მენეჯმენტმა არ ისურვა და სათანადო გამოხმაურება არ მოაყოლა ამ პრობლემებს. ეს დალექილი პრობლემაა, რომელიც საკმაოდ მსუყეა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს. გასაგებია მიზეზები, რატომაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილებები წინა მენეჯმენტის პირობებში - არ იქნებოდა პოპულარული, თუმცა პრობლემა, რომელსაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, არსად გაქრება, უფრო დამძიმებული სახით დაბრუნდება, როდესაც გადაწყვეტას მოითხოვს. სწორედ ეს პერიოდია ახლა. ამოვდივარ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. მოცემული ვადიდან კიდევ ერთი კვირა მაქვს დარჩენილი. ამ ერთ კვირას ძალიან ეფექტურად გამოვიყენებ და პირობას გაძლევთ, რომ წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: კომპანიასთან უთანხმოება მაქვს გარკვეულ საკითხებში. კომპანია როდესაც აცხადებს, რომ ის ასეული მილიონობით ლარის ზარალზეა, მე ამას ვარქმევ იმას, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავალი, რაც ბიზნესის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არ არის მიმზიდველი და სასურველი, ამას სჭირდება გამოსწორება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს. კომპანიის შემოსავლები იმის საპირწონეა, რაც აქვს ხარჯები, თუმცა ჩანაცვლების რესურსი კომპანიას ნამდვილად არ გააჩნია. ერთ კვირას ვიყენებ ეფექტურად, ერთ კვირის თავზე მოგაწვდით დალაგებულ წინადადებას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული. ჩვენ პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში იქნება ყველაზე მოწესრიგებული. როდესაც ჩვენ დავასრულებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები, პარალელურად მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს; ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს და მართლაც ძალიან მაგარია. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ხედავს და აფასებს, თუმცა, რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები; ასევე, მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, მოსაწესრიგებელია. გარდა ვაგონების განახლებისა, რასაც ვაკეთებ, საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ასევე მნიშვნელოვანია მეტროსადგურების რეაბილიტაცია, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ამ მიმართულებით - გაგვეწელა გადაწყვეტილებების მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, როცა ჭერი ჩამოინგრა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე