"საზოგადოებრივი აზრის დეზინფორმაციის მიზნით სულიერ, იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ბრძოლის ველზე ადგილი აქვს მიზანმიმართულ მზაკვრულ შემოტევებს"
loader

Breaking news

"საზოგადოებრივი აზრის დეზინფორმაციის მიზნით სულიერ, იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ბრძოლის ველზე ადგილი აქვს მიზანმიმართულ მზაკვრულ შემოტევებს"

  • საზოგადოებრივი აზრის დეზინფორმაციის მიზნით სულიერ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ბრძოლის ველზე ადგილი აქვს მიზანმიმართულ მზაკვრულ შემოტევებს

თბილისი: ეს უაღრესად საჭირო ფორუმი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს შეხედულებებს დღევანდელობის ერთ-ერთი აქტუალური და მწვავე პრობლემის შესახებ, არის საიმისოდ გაწეული ძალისხმევა, რომ დაძლეულ იქნეს საზოგადოებრივი აზრის დეზინფორმაციის მიზნით მიზანმიმართული მზაკვრული და დაუნდობელი შემოტევები, რომელსაც ადგილი აქვს სულიერ, იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა "დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ჩვენ საქმე გვაქვს სიმართლისა და სიცრუის, სინათლისა და სიბნელის ურთიერთმიმართების (დაპირისპირების) პრობლემასთან. ეს არ გახლავთ ახალი მოვლენა, ჯერ კიდევ ბიბლიური ისტორიის შესაქმის ნაწილში ვხვდებით მას, როცა პირველი ადამიანები დადგნენ ამ პრობლემის წინაშე და მისი მსხვერპლნი შეიქნენ: გველმა ცრუ ამბავი (ე.წ. „დეზინფორმაცია“) მიაწოდა მათ და დააჯერა კიდეც ისინი, რომ ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, ყოველივე ხილული და არახილული, და რომლის შემოქმედების გვირგვინიც არის ადამიანი, თითქოს არის მათი არაკეთილმოსურნე, თითქოს არ ემეტება მათთვის ის ცოდნა და უნარები, რაც მათ მათსავე შემოქმედს მიამსგავსებს.

ე.წ. „სიცრუის ფილოსოფია“ მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ადამიანში დათესოს ეჭვი და უნდობლობა სიმართლისადმი. სიცრუე არის ბოროტი სულის თვისება და ის მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაიძლიოს; შესაბამისად, სიბნელეს სინათლე გაფანტავს; უმეცრება კი მხოლოდ განათლებით დამარცხდება.

ახლა კი ჩემი მოხსენების ძირითად ნაწილზე გადავალ: ცნობილია, რომ ადამიანური აზროვნების ერთ-ერთი თავდაპირველადი სახე მითოსური აზროვნება იყო. ამ უკანასკნელმა დაუდო სათავე როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლურ ცივილიზაციათა განვითარების გეზს, რომელმაც, საბოლოოდ, თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეპოქამდე მიგვიყვანა. ამგვარად, საკაცობრიო აზროვნების ისტორია - მითოსის ეპოქებიდან დაწყებული დღემდე - მითების მსხვრევისა და დაძლევის გრძელი და სირთულეებით აღსავსე გზაა, რომლის განმავლობაშიც ჭეშმარიტების შესახებ სხვადასხვა ეპოქებში არსებული მცდარი/ცრუ წარმოდგენები ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი ტკივილითა და ტანჯვით იმსხვრეოდა", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე