"ბოლო პერიოდში მიღებული საბანკო რეგულაციები გადასახედია"
loader

Breaking news

"ბოლო პერიოდში მიღებული საბანკო რეგულაციები გადასახედია"

  • ბოლო პერიოდში მიღებული საბანკო რეგულაციები გადასახედია

თბილისი: მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არ განაპირობებს სავალუტო კურსის იმ დინამიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

ასოციაცია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი, ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვას გამოეხმაურა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აცხადებს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია და არც საგარეო შოკი არ არის, შესაბამისად, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და არსებობს მისი გამყარების საფუძვლები.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებს სავალუტო კურსის იმ დინამიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზარზე. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს, არანაირად არ ასახავს სინამდვილეში არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. გარდა ამისა, ვფიქრობთ, ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამავე პერიოდში კი,  ჩვენთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.68 ნიშნულიდან თითქმის 3.0 ლარის ნიშნულამდე დაეცა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ლარის კურსი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი.

ლარის დევალვაციით უაღრესად დაზარალდა როგორც ბიზნესი, ასევე მთლიანად საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ აუცილებელია ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ლარის გაცვლითი კურსი გახდეს პროგნოზირებადი და განჭვრეტადი. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და სავარაუდოდ, არსებობს მისი გამყარების საფუძვლები. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხილვის დროს, გადასახედია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და ზოგადად, გასაანალიზებელია, რამდენად მიზანშეწონილია ჩვენს პირობებში ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებად ინფლაციის მაჩვენებლის თარგეთირება.

ვფიქრობთ, გადასახედია ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული საბანკო რეგულაციები. ბიზნესის შეფასებით, საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო. იმ მომენტისათვის ბაზარზე არსებული რისკების გათვალისწინებით, საბანკო რეგულაციების ზოგიერთი მოთხოვნა იყო გადაჭარბებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან ასოციაციას არაერთხელ ჰქონია შეხვედრა, ასევე მომავალშიც იქნება პროფესიული დისკუსიები.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე