"შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი"
loader

Breaking news

"შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი"

  • შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს გიყვარდეთ ერთმანეთი

თბილისი: ყველზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. დაიმახსოვრეთ ეს - ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა.

"გიფიქრიათ იმის შესახებ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე რა არის ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს მიაჩნია ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე აცილებს ადამიანს სამარის კარამდე. ყველზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ადამიანი ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ღმერთი გვაძლევს ჩვენ ყოველივე სიკეთეს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: წყალობა შენი უფალო, თანამავალ ვიყავნ მე, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა.

ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს. უფრო სწორედ არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნიჭიერი ადამიანები ღმერთმა მოგვცა, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლისათვის. გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. აი, ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს.

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. მე არაერთხელ შეგახსენეთ თქვენ, რომ ყოველ დღე ვისაც გყავთ მშობლები ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ მას კურთხევა-დედაო, მამაო, დამლოცეთ მე. იმათი დალოცვა ინება ღვთის ლოვცვა-კურთხევა თქვენზე.

ნიჭი ეძლევა ღვთისაგან, ვისაც გაქვთ რაიმე ნიჭი, მინდა გითხრათ, რომ ყოველ ადამიანს აქვს რაიმე ნიჭი. ეს არის ღვთისაგან ბოძებული, ეს არის საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი, უნდა დააფასოთ ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში ამოუდგეთ და თქვენც იქნებით გახარებული და ისიც.

არ არსებობს ადამიანი უნიჭო, მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის მოძებნა, გამონახვა. შეიძლება ნიჭიერი იყო მეცნიერებაში, ტექნიკაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანები არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს იმ ნიჭს დიდი წარმატებით, დიდი შედეგებით. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი. წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენ იქნებით ბედნიერნი. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე