"ამერიკა ნატოს წევრია, მაგრამ V მუხლი ჰავაის არ იცავს, ეს საქართველოსთვისაც შეიძლება გაკეთდეს"
loader

Breaking news

"ამერიკა ნატოს წევრია, მაგრამ V მუხლი ჰავაის არ იცავს, ეს საქართველოსთვისაც შეიძლება გაკეთდეს"

  • ამერიკა ნატოს წევრია მაგრამ V მუხლი ჰავაის არ იცავს ეს საქართველოსთვისაც შეიძლება გაკეთდეს

თბილისი: რა არის ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი? რატომ არის ის მნიშვნელოვანი? შეიძლება თუ არა ქვეყანა ნატოში სრული ტერიტორიით გაწევრიანდეს, მაგრამ ალიანსის კოლექტიური თავდაცვა ერთ ნაწილს შეეხოს? "ჰერიტიჯის ფონდის" მკვლევარი ლუკ კოფი ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ალიანსს რამდენიმე პრეცედენტი უკვე აქვს და ეს ეგრეთწოდებული, "გერმანული პრეცედენტი" არ არის. კოფის ამ თემებზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

- პირველ რიგში განვსაზღვროთ რა არის ნატოს მეხუთე მუხლი. ჩვენ ყველა ვსაუბრობთ მასზე, ყველას გაუგია რაღაცა მის შესახებ. რა არის ნატოს მეხუთე მუხლი?

მეხუთე მუხლი, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების, იგივე ვაშინგტონის ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლია, რომელიც ამბობს, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. ეს ნატოს წევრების უსაფრთხოების გარანტიაა, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ის ალიანსის ქვაკუთხედია.

- შეიძლება თუ არა ნატოს არსებობა მეხუთე მუხლის გარეშე?

- არა. ეს არის ის, რაც ნატოს ნატოდ აქცევს. მის გარეშე ეს კავშირი უბრალოდ კლუბი იქნებოდა.

- საქართველო უკვე რამდენიმე წელია, ნატოში გაწევრიანებას ცდილობს, თუმცა ქვეყანას რამდენიმე დიდი გამოწვევა აქვს გადასალახი. თქვენ რას ფიქრობთ, საქართველოს შემთხვევა რთული შემთხვევაა ალიანსში გასაწევრიანებლად?

- კი, ეს რთული შემთხვევაა, მაგრამ ინოვაციური მიდგომებით და მკაფიო ლიდერშიპით ეს გამოწვევები შეიძლება მარტივად გადაილახოს. ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო.

- თემა რომ გავხსნათ და დეტალებზე გადავიდეთ -- რა არის ზოგიერთი სირთულე, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს?

- ყველაზე დიდი გამოწვევა და სირთულე, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს იქიდან მომდინარეობს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას აგრძელებს. როცა ევროპელებს, აქ, ადმინისტრაციაში ან კონგრესში ხალხს საქართველოზე ვესაუბრები, ეს ყოველთვის იკვეთება, როგორც შეშფოთების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანი. ისინი ხშირად კითხულობენ იმას, თუ, როგორ შეგვიძლია ალიანსში მივიწვიოთ ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად ომშია რუსეთთან. ისინი ასევე კითხულობენ, ნიშნავს თუ არა ეს პირდაპირ ომს რუსეთთან იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს სამხედრო ოკუპაციას აგრძელებს.

არსებობს გზები იმისთვის, რომ ეს გამოწვევები გადაილახოს. ამას მიზანმიმართული ლიდერობა, კრეატიულობა, დახვეწილი დიპლომატია სჭირდება. არ ვფიქრობ, რომ ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობა დღეს ამისთვის მზად იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო ფინიშის ხაზამდე ერთად მივიყვანოთ.

- ერთ-ერთი იდეა, რომელზეც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ, ისაა, რაზეც თქვენ შარშან ნაშრომი გამოაქვეყნეთ. კონკრეტულად კი ის, რომ საქართველო შეიძლება ნატოს წევრი გახდეს ისე, რომ მეხუთე მუხლის დაცვის გარანტია ქვეყნის მხოლოდ არა-ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კი კოლექტიური თავდაცვის გარანტიები ოკუპაციის დამთავრების შემდეგ გავრცელდეს. მეტი გვითხარით ამაზე, კონკრეტულად რა არის თქვენი შემოთავაზების დეტალები?

- ბუქარესტის სამიტიდან 10 წლისთავზე ვიფიქრე, რომ დროა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ახლი გზების მოძიება დაგვეწყო. ამისთვის გვჭირდებოდა ახალი იდეები, ძველი ნორმების შეცვლაზე დაფიქრება. ამ ახალი იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიანსმა წევრად საქართველო სრულად, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მიიწვიოს, რაშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც შედის. მაგრამ მეხუთე მუხლის უსაფრთხოების გარანტია გავრცელდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომლის ოკუპაციასაც რუსეთი არ ახდენს. ეს პრინციპი საქართველოსთვის ადვილად იმუშავებს იმის გამო, რომ ქვეყანას უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის პირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომაც ვიფიქრე, რომ თუ საქართველოს უკვე აქვს გადაწყვეტილი და პირობა დადებული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალას არ გამოიყენებს, მაშინ რად უნდა მეხუთე მუხლის უსაფრთხოების გარანტია ამ ტერიტორიებზე? თუ საქართველო ამ პრინციპით გაწევრიანდა ნატოში, მაშინ არა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის პირობა იქნება საქართველოს მხრიდან დაცული, არამედ ეს ალიანსის ზოგიერთი წევრის პრეცედენტსაც გაიმეორებს. ნატოში რამდენიმე ქვეყანაა ისეთი, რომელიც სრული ტერიტორიით არის ნატოს წევრი, მაგრამ მე-5 მუხლი მხოლოდ ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება. მათ შორისაა შეერთებული შტატები, მაგალითად ჰავაის და გუაამს მეხუთე მუხლი არ იცავს. დიდი ბრიტანეთის ფოლკლენდის კუნძულები მეხუთე მუხლით არ არის დაცული.

- იმას ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ეგრეთწოდებული, „გერმანული პრეცედენტი“ საქართველოს არ მიესადაგება? ამ სტუდიაშიც არაერთხელ მისაუბრია სხვადასხვა ადამიანთან ამ პრეცედენტის საქართველოსთან კავშირზე. ჰავაისა და ფოლკლენდის შემთხვევები თუ უფრო მეტად მიესადაგება საქართველოს, მაშინ არის თუ არა „გერმანიის პრეცედენტი“ საერთოდ სხვა კატეგორია?

- ხშირად მესმის, ეგრეთწოდებულ, „გერმანიის ვარიანტზე“ საუბარი. ცივი ომის დროს აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ, დასავლეთი კი ნატოში მიიწვიეს. აღმოსავლეთ გერმანია ნატოს წევრი მხოლოდ გერმანიის გაერთიანების შემდეგ გახდა. მე ეს ანალოგია არ მომწონს იმის გამო, რომ გერმანიისა და საქართველოს სიტუაცია განსხვავებულია. თუ პრეცედენტების მონახვა გვინდა, ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრეცედენტები უფრო მიესადაგება სქართველოს, ანუ შემთხვევები, როცა ქვეყანა მთელი თავისი ტერიტორიითაა ნატოს წევრი და მეხუთე მუხლის გარანტიები მხოლოდ მის ერთ ნაწილზე ვრცელდება.

- ამ შემთხვევაში ოკუპაციას აქვს დატვირთვა? რამდენადაც მე მესმის, გერმანიის პრეცედენტზე საუბრის საფუძველი ისაა, რომ აღმოსავლეთ გერმანია, სწორედ რომ, ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ. ჰავაი და ფოლკლენდის კუნძულები ოკუპირებული არ არის.

- კი, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულების ოკუპაცია, ერთხელ - 1982 წელს უკვე მოხდა. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცივი ომის დროს აღმოსავლეთ გერმანიის საერთაშორისო აღიარება განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღეს ის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემთხვევაშია. ვფიქრობ, ფოკუსი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა შეძლება იყოს ნატოს წევრი ისე, რომ მისი სრული ტერიტორია არ იყოს დაცული მეხუთე მუხლით. ამისთვის მექანიზმები არსებობს.

ამ მექანიზმების ამუშავება ქვეყნის ალიანსში მიღების დროს ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს მე-6 მუხლის შესწორება. მე-6 მუხლი განსაზღვრავს პირობებს, რომლის მიხედვითაც მე-5 მუხლის გარანტიები უნდა გავრცელდეს წევრ ქვეყანაზე. მას ერთი ან ორი წინადადების დამატება დასჭირდება, რომლებიც იტყვის, რომ საქართველო მე-5 მუხლით იქნება დაცული, თუმცა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ვერ აკმაყოფილებს კოლექტიური თავდაცვის კრიტერიუმებს, რომ ეს დროებითი ზომაა იმ დრომდე, სანამ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ გადაიჭრება. მე-6 მუხლი ორჯერ შეიცვალა, ერთხელ 1950-ანებში, როცა თურქეთი და საბერძნეთი შეუერთდნენ ალიანსს და შემდეგ 1960-ანებში, როცა ალჟირი საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.

- რამდენად განსხვავდება გლობალური გარემოებები დღეს? მე-6 მუხლის შეცვლა აუცილებელი ელემენტია, მაგრამ ალიანსში დამოკიდებულებები იგივეა, როგორც წარსულში? როგორი იყო გარემო მაშინ და როგორია დღეს?

- მაშინ სიტუაცია ძალიან განსხვავებული იყო. დღეს ამერიკის ადმინისტრაციას სკეპტიკურად აფასებენ და თითქმის მთელ ევროპაში სიფრთხილით უყურებენ. ამასთან ამერიკაში მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ თეთრი სახლის ყურადღება მთლიანად შიდა საქმეებზე იქნება გამახვილებული და დიდი ენერგია არ დაიხარჯება გეოპოლიტიკური საკითხების გადაჭრაზე, როგორზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ასევე, დღეს ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომლებსაც რუსეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ, მაგალითად გერმანიას. ისინი ამას არ აღიარებენ, მაგრამ ალიანსში მხოლოდ ერთი ქვეყნის უარიც საკმარისია იმისთვის, რომ გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წინადადებისთვის დღეს სახარბიელო დრო არ არის, მაგრამ დღეს უნდა დავიწყოთ დაგეგმვა და საფუძვლის ჩაყრა იმისთვის, რომ მომავალში მივიდეთ მიზნამდე. ამერიკაში, ევროპაში პოლიტიკური ვითარება ადრე თუ გვიან შეიცვლება. თუ ამერიკა, დიდი ბრიტანეთი ამ თემის განხორციელებას სათავეში ჩაუდგება, საქმე გაადვილდება.

ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამ სცენარში არ ჩანს, საქართველოს მთავრობაა. საქართველოს მთავრობამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ლიდერობა, მათ უნდა აუხსნან ქართველ ხალხ ის, თუ რატომაა ეს წინადადება დადებითი, რატომ არ არღვევს ეს წინადადება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სანამ ისინი არ გააკეთებენ ამას, არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ ვაშინგტონი, ლონდონი თუ პარიზი ამ საკითხს აიტაცებს.

- საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ისაა, რომ პროპაგანდის და შეგნებული დეზინფორმაციის გამო, საზოგადოებაში გაურკვევლობა და დაბნეულობა ჭარბობს. პოლიტიკურად, რთულია ისეთ გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც შედეგი შეიძლება წლების მანძილზე არ მოჰყვეს. როგორ შეიძლება მთავრობამ ამას თავი გაართვას?

მე მესმის ეს. პოლიტიკაში საკმარისი დროით ვიყავი ჩართული იმისთვის, რომ გამეგო, რომ პოლიტიკოსებს არ უყვართ რთული თემების ახსნა ამომრჩევლისთვის. განსაკუთრებით საარჩევნო სეზონის დროს. მაგრამ თუ მთავრობამ ეს პრიორიტეტად დაისახა, თუ ამ ძალისხმევაში იმ ოპოზიციურ პარტიებსაც ჩართავს, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერენ მხარს, ვფიქრობ საქმე გაკეთდება. ხალხმა უნდა დაინახოს ხელმძღვანელობა, უნდა დაინახოს, რომ ვიღაც პროგრესისკენ მიდის. ერთი, რაც უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ სანამ ამ იდეის მხარდაჭერა თბილისში არ გაჩნდება და თბილისიდან არ წამოვა, დასავლეთში ამ იდეით არავინ იხელმძღვანელებს. და ეს გასაგებიცაა.

მესმის როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. ის განცხადება, რომ ამ წინადადების თანახმად საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას დაკარგავს აბსოლუტურად არასწორია. ნატომ საქართველოს არასოდეს უნდა სთხოვოს ტერიტორიებზე უარის თქმა. ნატო ამას არც ითხოვს. ერთ-ერთი რამ რაც საქართველოსკენ მიმიზიდა მისი კულტურა, ხალხი, ტრადიციები, ისტორიაა. მოხიბლული ვარ ქვეყნით, რომელიც 2 ათას წელზე მეტია არსებობს. საქართველო კიდევ 2 ათასი და მეტი წელი გააგრძელებს არსებობას, ალბათ, იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ნატო. ანუ, თუ კითხვა იმაში მდგომარეობს, ნატოში გაწევრიანდე თუ ტერიტორიებზე თქვა უარი, ვიტყოდი, რომ ტერიტორიებზე არ თქვა უარი.

- რა პოზიცია აქვს ამ ყველაფერში რუსეთს? როგორ უნდა შეძლოს საქართველომ მათი ზეწოლისთვის თავის გართმევა? რა შეიძლება იყოს საქართველოს კონტრარგუმენტები?

- რუსეთს ასეთი ბიზნეს მოდელი აქვს - როცა მათ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება სურთ, ისინი ქვეყანაში სამხედრო ძალით შეიჭრებიან და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას ახდენენ. მათ იციან, რომ ამით ინტეგრაციის პროცესი შეჩერდება. ეს მოხდა მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოში... ეს წინადადება რუსეთს ართმევს დეფაქტო ვეტოს უფლებას...

- ახლა უფრო მექანიკაზე ვსაუბრობთ. საქართველოს ნატოში გაწევრიანება პოლიტიკურ ნებას დიდწილად უკავშირდება. ამაში საქართველოს მხრიდან პოლიტიკური ნებაც შედის. რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ნატომ გაფართოება ვერ შეძლოს ისე, თუ პირველ რიგში საქართველო არ მიიწვია ალიანსში?

- მესმის რამდენად იმედგაცრუებულები შეიძლება იყვნენ ქართველები. ისინი დიდ მსხვერპლს იღებენ ავღანეთში, საქართველო მზადაა ინვესტიციები ჩადოს თავდაცვაში, გარდაქმნას თავდაცვის პროცესი, გააგრძელოს დემოკრატიული პროცესები... საქართველოში ბევრი ამბობს, რომ მეტი რაღა უნდა გავაკეთოთო. ამაზე ვიტყოდი, რომ მეტი ბევრი არაფერი - ყველაზე დიდი წინაღობა აქ რუსული ოკუპაციაა. ჩემი მხრიდან მარტივია ამის თქმა, მაგრამ საქართველოს მოთმინება მართებს. ქვეყანამ დემოკრატიული პროცესები უნდა გააგრძელოს და საქართველოს მთავრობამ ეს თემა უნდა წამოწიოს. როცა ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს შეერწყმება, ვფიქრობ, შევძლებთ საქართველოს ფინიშის ხაზამდე მიყვანას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე