საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
loader

Breaking news

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

  • საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

თბილისი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა 2019 წლის 21 ოქტომბერს ლონდონში "საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში  ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტი  მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს  სტრატეგიული პარტნიორობისთვის,  ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა;  ეკონომიკური დიალოგი; ტრანსპორტი; ენერგეტიკა; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა; ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკა, ინოვაციები; ფინანსური სერვისები;  საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიები; ტურიზმი; სოფლის მეურნეობა; სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვა; განათლებისა და კულტურის დარგები; ასევე რეგიონული თანამშრომლობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს და იმეორებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (Deep and Comprehensive Free Trade Area – DC FTA) დებულებებს.

შეთანხმება აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აგრეთვე მის ევროპულ არჩევანს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ამასთან, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგების მნიშვნელობას. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, წინამდებარე შეთანხმების სიკეთეები განავრცონ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩათვლით.

ზემოხსენებულ და სხვა სფეროებში შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის მიზნით, იქმნება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი.

შეთანხმება დროებით ამოქმედდება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის დატოვების შემდეგ და ფორმალურად სრულად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ორივე მხარე მოახდენს მის რატიფიკაციას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე