საქართველოს, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დელეგაციებმა რუსეთის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელეს
loader

Breaking news

საქართველოს, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დელეგაციებმა რუსეთის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელეს

  • საქართველოს უკრაინის ესტონეთის ლატვიისა და ლიეტუვის დელეგაციებმა რუსეთის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელეს

თბილისი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დელეგაციები ერთობლივი განცხადება მოამზადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ელიზავეტა იასკო ავრცელებს.

როგორც უკრაინელი დეპუტატი აღნიშნავს, ხუთი ქვეყნის დელეგაციები შეთანხმდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი ჯგუფის „ბალტიკ პლიუსის“ შექმნაზე.

აღნიშნული ჯგუფის მიზანია ყირიმის ანექსიის პოლიტიკის არაღიარება, რუსეთის მიერ ყირიმის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის, საქართველოსა და მოლდოვის ოკუპაციის დაგმობაა. იასკოს განცხადებით, ჯგუფის მორიგი შეხვედრა კიევში გაიმართება.

"ევროსაბჭოს 70-ე წლისთავზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ინსტიტუტის სტანდარტები და ღირებულებები სერიოზული საფრთხის წინაშეა, საპარლამენტო ასამბლეის ავტორიტეტი კი შესუსტდა“, – აღნიშნულია ხუთი ქვეყნის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 70 წლის განმავლობაში ევროსაბჭომ დაიცვა მილიონობით ადამიანის უფლებები და მტკიცედ იცავდა იმ ღირებულებებს, რომლებისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა.

"სამწუხაროდ, 2019 წლის ივნისი სხვა ერის დაწყებით აღინიშნა. ზაფხულის სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2 292, რომლითაც უპირობოდ აღუდგინა რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება და სხვა პროცედურული უფლებები. ამის გაკეთებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თვალი დახუჭა ადამიანის უფლებების დარღვევებზე, გატაცებებზე, ტერიტორიები უკანონო ოკუპაციასა და ანექსიაზე, წევრი ქვეყნების მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებაზე და ომზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე აწარმოებს თავისი მეზობლების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხუთი ქვეყნის განცხადებაში ასევე საუბარია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ მავთულხლართების აღმართვაზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარებაზე.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ევროსაბჭომ დაკარგა თავისი ავტორიტეტი წევრი ქვეყნების მილიონობით მოქალაქისთვის.

"ჩვენ ვიწვევთ ჩვენს ჯგუფში ყველას, ვისთვისაც ღირებულებები და ვალდებულებების შესრულება ცარიელი სიტყვები არაა“, – აღნიშნულია ელიზავეტა იასკოს განცხადებაში.

საქართველოს, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების დელეგაციები 30 სექტემბერს პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნას არ დაესწრნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე