კურტ ვოლკერი თანამდებობას ტოვებს
loader

Breaking news

კურტ ვოლკერი თანამდებობას ტოვებს

  • კურტ ვოლკერი თანამდებობას ტოვებს

კიევი: უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "სიენენი“ ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე კურტ ვოლკერი წარმომადგენლობით პალატაში გამოიძახეს, სადაც მას შეკითხვები პრეზიდენტების - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ უნდა დაუსვან.

სკანდალი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. 

მოგვიანებით, თეთრი სახლის მეთაურმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკისთან, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა.

აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა ფორმალური პროცედურის დაწყების შესახებ, რომელმაც უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა საფუძველი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის.

ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი სხვადასხვა დროს ნატოში აშშ-ის ელჩი და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უკრაინის საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად კურტ ვოლკერი 2017 წლის ივლისში დანიშნა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე